ბოლო დღეების მთავარ "ნიუსმეიკერად" დევიდ ქემერონი შეიძლება დავასახელოთ. საინფორმაციო სააგენტოები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ახალგაზრდობის პიკანტურ და სკანდალურ დეტალებს ავრცელებენ: ოქსფორდში სწავლისას ქემერონი მარიხუანას ეწეოდა, ნახსენებია პოლიტიკოსის არაავტორიზებულ ბიოგრაფიაში, სახელწოდებით "დამიძახეთ დევიდი".
წიგნის ავტორი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლორდ მაიკლ ეშკროფტია. წიგნი გაყიდვაში ოქტომბრის თვეში გამოვა, თუმცა, The Daily Mail-ის თანამშრომლებისთვის შინაარსი ცნობილი გახდა და რედაქციამ არ დააყოვნა, საზოგადოებისთვის გაეცნო საინტერესო დეტალები.
ერთ-ერთი ეპიზოდი მკვდარ ღორს უკავშირდება: ოქსფორდის პრესტიჟული სტუდენტური კავშირის "პირს ჰევესტონის" მორიგი წვეულების დროს, მომავალ პოლიტიკოსს "მონათვლის" ცერემონია ჩაუტარეს, რაც კლუბში გასაწევრიანებლად მკვდარ ღორთან გარკვეულ კონტაქტს გულისხმობდა.
ამტკიცებენ, რომ ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალაც არსებობს, თუმცა ბიოგრაფიის ავტორმა ვერ შეძლო მისი მოპოვება.
ბევრს გაუჩნდა კითხვა, საიდან აქვს ეშკროფტს მსგავსი ინფორმაცია. ადრე წიგნის ავტორი პოლიტიკოსთან მეგობრობდა და 2010 წლის წინასაარჩევნო კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც იყო, რის შედეგადაც დევიდ ქემერონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
მაშინ ეშკროფტმა კონსერვატიულ პარტიაში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩადო და ამით დაეხმარა ქემერონს სასურველი პოსტის დაკავებაში. ამბობენ, რომ ამის შემდეგ ქემერონმა მეგობარს უღალატა.
გავრცელებულ ინფორმაციას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ამ ფაქტს ბევრი მემე მიუძღვნეს.
ინტერნეტმომხმარებლებმა გამოიგონეს ჰეშტეგი #piggate (ღორის საქმე) და მეტსახელი პრემიერისთვის - ჰემერონი (სიტყვის პირველი ნაწილი ham ინგლისურად ლორს ნიშნავს.
"ტვიტერში" კი ახალი ანგარიში, სახელწოდებით "ქემერონის ღორი" გაჩნდა, რომელიც "ღორის სახელით" წერს ხუმრობებს: "თავი დამანებე, ქემერონ. ეს მხოლოდ ერთი ღამის პაემანი იყო".