ლისის ტბაზე მასშტაბური სტუდქალაქი შენდება - რა პირობებში ცხოვრობენ სტუდენტები საერთო საცხოვრებლებში საქართველოსა და უცხოეთში

ლისის ტბაზე მასშტაბური სტუდქალაქი შენდება - რა პირობებში ცხოვრობენ სტუდენტები საერთო საცხოვრებლებში საქართველოსა და უცხოეთში

საერთო სტუდენტური საცხოვრებლები მთელ მსოფლიოში აპრობირებულია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. მართალია, ჩვენს ქვეყანაში სწავლა იაფი არ ღირს, მაგრამ სტუდენტური საცხოვრებელი მხოლოდ რამდენიმე კერძო და სახელმწიფო სასწავლებელს აქვს. 2016 წელს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ლისის ტბაზე 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.

ახალი სტუდენტური ქალაქი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს და იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. პარალელურ რეჟიმში, წელს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე თბილისის მერია იწყებს ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს. განათლების მინისტრის მრჩეველის, ოთარ აბესაძის განმარტებით, საერთო სტუდენტური საცხოვრებლების აშენება უნივერსიტეტების პრეროგატივაა.

- თბილისის მერიის და განათლების სამინისტროს ერთობლივი ხელშეწყობით, ლისის ტბის ფერდობზე შენდება ძალიან კარგი სტუდენტური საცხოვრებელი. ქუთაისის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, თსუ-ს აქვს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი. ძალიან გამეხარდა, როცა გავიგე, რომ რამდენიმე კერძო სასწავლებელსაც აქვს საერთო საცხოვრებელი, რომელიც უნივერსიტეტმა თავისი სახსრებით ააშენა. ეს უნივერსიტეტების პრეროგატივაა და თუ სახელმწიფოს შეუძლია თავისი როლი შეიტანოს მსგავს საქმეში, უნდა დაეხმაროს და ეხმარება კიდეც.

1975 წელს აშენებული თსუ-ს საერთო საცხოვრებელი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. სულ 5 კორპუსი არსებობდა, საიდანაც ორი ეკონომიკის სამინისტრომ უნივერსიტეტს ჩამოართვა და დევნილები შეასახლა. "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, თსუ-ს საერთო საცხოვრებელში რამდენიმე ასეული სტუდენტი ცხოვრობს.

- სტუდენტური საცხოვრებელი ნებისმიერი ავტორიტეტული უნივერსიტეტისთვის აუცილებელია, მითუმეტეს საქართველოში, სადაც რეგიონებიდან უამრავი სტუდენტი ჩამოდის დედაქალაქში, რომლებსაც ძალიან უჭირთ ფინანსურად. ამ შემთხვევაში ასეთი საცხოვრებლები მათთვის კარგი გამოსავალია. თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში დაახლოებით 400 სტუდენტი ცხოვრობს, ისინი წერენ განცხადებას, რომელსაც სპეციალური ჯგუფი განიხილავს და აკმაყოფილებს. ერთ ოთახში 2 სტუდენტი ცხოვრობს, რომლებიც ქირის სახით 30 ლარს იხდიან, ამ თანხაში შედის კომუნალური გადასახადები, რომელსაც უნივერსიტეტი იხდის. უნივერსიტეტებს და განსაკუთრებით თსუ-ს სჭირდება საბაზო სახელმწიფო დაფინანსება. წლებია დაფინანსებას ვითხოვთ სახელმწიფოსგან და ერთი თეთრიც არ მიგვიღია. მაგალითისთვის თუ ავიღებთ ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდი დოლარი აქვთ დაფინანსება, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს უნივერსიტეტზე. ყველა სირთულის ფონზე, ბოლო კვლევებით კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი ვართ და თსუ საუკეთესო უნივერსიტეტების 5% პროცენტში შედის მსოფლიო მაშტაბით.

AMBEBI.GE სოფო მჭედლიშვილს დაუკავშირდა, რომელიც უნგრეთში სწავლობს. რა პირობებში უწევს სწავლა და ცხოვრება ქართველ სტუდენტს, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

- ვსწავლობ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, რომელიც კერძო უნივერსიტეტია და შესაბამისად, ყველაფერი ფასიანია. თუმცა, უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სტიპენდიები. სტიპენდიები, თავის მხრივ, კატეგორიებად იყოფა. ასე რომ, რასაკვირველია, სრულიად თანაბარი პირობები არ იქმნება ყველასთვის - მაგალითად, ზოგი იღებს საერთო საცხოვრებელში ოთახს, ზოგს ქალაქში უწევს ბინის/ოთახის ქირაობა და ა.შ. საერთო საცხოვრებელს რაც შეეხება, საკმაოდ კომფორტულია და კარგად აღჭურვილი. ბევრი სხვა საერთო საცხოვრებლისგან განსხვავებით, ყველა მაცხოვრებელს საკუთარი ოთახი და სააბაზანო აქვს. საზიარო მხოლოდ სამზარეულო, აუზი და სპორტული დარბაზია. როგორც წესი, ოთახი სტიპენდიის პაკეტში შედის, თუმცა ე.წ. "სტუმარი სტუდენტებისთვის" ფასიანია და თვეში, თუ არ ვცდები, 250 ევრო ღირს. დაფარულია სწავლის ხარჯები, მაქვს ოთახი და პლუს თვეში ე.წ. "ჯიბის ფული".

- რა განსხვავებაა უნგრეთში და საქართველოში სტუდენტობას შორის?

- ცოტა მტკივნეული კითხვაა, დიდი განსხვავებაა. ეკონომიკის და განათლების სისტემის განსხვავებიდან დაწყებული, სტუდენტის მოპყრობით დამთავრებული. აქ სტუდენტს აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ისწავლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს განსხვავება ალბათ იმით უფროა გამოწვეული, რომ ჩვენი აქ სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, თორემ ეკონომიკის თვალსაზრისით უნგრეთი მაინცდამაინც მოწინავე ქვეყანა ვერაა ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიც არ უჩივიან იმას, რასაც ჩვენ ვუჩიოდით საქართველოში. უნივერსიტეტს აქვს კარგი და მყარი ბიუჯეტი, ვრცელი ბიბლიოთეკა, წვდომა ონლაინ ბიბლიოთეკებზე და ძლიერი კავშირები სხვა უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, აქ საერთაშორისო და ძალიან მრავალფეროვანი გარემოა, რაც, ბუნებრივია, დიდ განსხვავებას ქმნის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ფოტოებიgugadudu

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია