ავტორი:

საქართველოს 5 ცნობილი ციხესიმაგრე - ისტორიული ცნობები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

საქართველოს 5 ცნობილი ციხესიმაგრე - ისტორიული ცნობები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

საქართველოში უამრავი ისტორიული ციხესიმაგრე, ციხექალაქი თუ კოშკია. თითოეულს თავისი საინტერესო ისტორია აქვს. ამჯერად 5 ცნობილ ციხესიმაგრეს წარმოგიდგენთ.

სურამის ციხე

მდებარეობს შიდა ქართლში, კერძოდ, ხაშურის რაიონის, დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ნიმუში.

ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ ასე წერს:

"...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე". სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ წყაროებში. სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI საუკუნე) აიგო. აგებას სურამელთა ცნობილ საგვარეულოს უკავშირებენ, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიაჩნიათ, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.

აღნიშნული ციხე, როგორც სტრატეგიული პუნქტი, ქართულ ისტორიულ წყაროებში, 1625 წლიდანაა მოხსენიებული, როდესაც ირანელთაგან თავის დასაცავად გიორგი სააკაძემ გაამაგრა. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც საქართველოში 1672-1673 წლებში იმოგზაურა, წერს: "სურამი დაბას წარმოადგენს, კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისგან შედგება".

სურამის ციხის ირგვლივ XVI-XVIII საუკუნეებში დიდი ბრძოლები წარმოებდა. იმ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს ციხე თურქების ხელში აღმოჩნდა. 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობდა და წყაროებში ისევ "ძლიერ კოშკთა" შორის მოიხსენიება (ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო).

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ, 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან გამოეცალა ფუნქცია, რისთვისაც ამ ადგილას ააგეს. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწია...

ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე.

არსებობს თქმულებაც, თითქოს მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე", რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს: "სურამისა ციხეო,/ სურვილითა გნახეო,/ ჩემი ზურაბ მანდ არის,/ კარგად შემინახეო".

გორის ციხე

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა.

"გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა.

დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც საფუძვლიანად ერეკლე II-მ შეაკეთა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე თავის სტრატეგიულ ფუნქციას კიდევ ასრულებდა - იქ რუსეთის არმიის ერთ-ერთი ბატალიონი იდგა. შემდგომში დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე რიყის ქვითაა ნაგები, გამოყენებულია ასევე თლილი ქვაც. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს წყლის ამოსაზიდად გვირაბი და წყალსაცავი ჰქონია. გორის ციხე 1920 წლის მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა.

ნარიყალა

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) გაფართოვდა. შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს.

დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი ადამიანი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს.

პეტრას ციხე

ისტორიული ციხე-ქალაქი პეტრა ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. "პეტრა" ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო "ქაჯეთის ციხე" - ქართული. ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანში" სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.

პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზეა განლაგებული, ხმელეთის მხრიდან გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება "პეტრა" - ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ მიიჩნეოდა. ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი ციტადელს მოიცავს, ასევე გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

"პეტრა-ქაჯეთმა" დიდი ხანია მკვლევართა ყურადღება მიიპყრო და იქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა: პირველი - 1934 წელს ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე - 1953 წელს. 1908 წელს იქ მდიდარი სამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.

მან ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სიმონ ჯანაშია ამ ციხექალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. პეტრას საეპისკოპოსო კათედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა.

პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ ნაოსნებს... საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, ირკვევა, რომ იქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას "ქაჯისციხეს" უწოდებდნენ.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერად გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს იქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს XIX საუკუნეში ააფეთქეს.

პეტრა-ციხის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1989 წელს დაარსდა.

კოჯრის ციხე (აგარანი)

კოჯრის ციხესიმაგრე თბილისში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე იყო. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც "აგარათა ციხე". იცავდა საქართველოში სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მას ადრე აზეულას ციხე ერქვა.

XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ აგარანი წაართვა ამირა ფადლონს. "დიდი თურქობის" დროს (1080) ციხეს მტერი დაეპატრონა. 1118 წლის ივლისში დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა აგარანს, ერთ დღეში აიღო და 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა.

1177 წელს აგარანში გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული დიდგვარიანები გამაგრდნენ. იმავე წელს მეფემ აგარანი აიღო. "აგარათა ციხე" ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, იქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჯრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა.

წაიკითხეთ: Top five unique fortresses of Georgia

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)