ზუსტად 14 წელი ყოველი დღე ანბანის გამეორებით იწყებოდა. ყველა ასოს ტუჩების მოძრაობით იმახსოვრებდა, მაგრამ მათი ჟღერადობა ყველასგან განსხვავებული იყო... არ ესმოდა არც ერთი ბგერა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. არაერთ უშედეგო მცდელობას 2008 წელს დაესვა წერტილი. 14 წლის სმენადაქვეითებული თემურ მახნიაშვილის ცხოვრება აგვისტოს ომმა რადიკალურად შეცვალა. ყველაფერი კი პოლონეთსა და მის ყოფილ პრეზიდენტს, ტრაგიკულად დაღუპულ ლეხ კაჩინსკის უკავშირდება. ახლა 21 წლისაა. ამბობს, რომ შვიდი წლის წინ მეორედ დაიბადა. თემური ბებიასთან, პაპასა და ახალშერთულ მეუღლესთან ერთად ხურვალეთის კოტეჯებში ცხოვრობს. იანვარში ტყუპი გოგონას მამა გახდება. მახნიაშვილებს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე. შინ ოჯახის უფროსმა, დიდმა პაპამ შემიპატიჟა.
თემურ მახნიაშვილი გამზრდელ ბებია-პაპასთან და მეუღლესთან ერთად ხურვალეთის დევნილთა კოტეჯში ცხოვრობს.
ქეთევან მახნიაშვილი, თემურის ბებია: - პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელ ვანათიდან ვართ. სამი შვილი მყავდა, ერთი ვაჟი და ორი გოგო. 1994 წლის 14 იანვარს ჩემი ბიჭი აფხაზეთიდან ჩამოვიდა. ეზოში შეშა დაჩეხა და მეორე სართულზე ამოჰქონდა, როდესაც ვიღაცამ უკნიდან ესროლა... 20 წლის ბიჭი მივაბარეთ მიწას. მაშინ თემური 24 დღის იყო. ერთი წლის ხდებოდა ბავშვი, როცა დედამისმა მიატოვა. მე, ჩემმა მეუღლემ და გოგონებმა გავზარდეთ. ერთი წლის რომ გახდა, შევატყვე, რომ ხმაურზე არ რეაგირებდა. მაშინვე წავიყვანეთ ექიმთან. გარანტია ვერ მოგვცეს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვს სმენა აღუდგებოდა.
მაშინვე გვითხრეს, რომ არსებობდა სკოლა, სადაც ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს ჟესტიკულაციას ასწავლიდნენ, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სოფლიდან თბილისში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. სოფლის სკოლაში დამყავდა. ვერც მასწავლებლები აგებინებდნენ რამეს და არც ბავშვს ესმოდა მათი. წლები ემატებოდა და ვატყობდით, რომ სულ უფრო ნერვიული ხდებოდა. მეუღლეს ვუთხარი, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ბავშვი სმენადაქვეითებულთა სკოლაში აუცილებლად უნდა წავიყვანოთ-მეთქი. 2004 წელს შევიდა სკოლაში და დაამთავრა კიდეც. "
კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო
"კვირის პალიტრა" რამდენიმე ნომრის წინ წერდა გორელ გოგონაზე, რომელიც იმ 300-მდე მოზარდიდან ერთ-ერთი იყო, ვინც 2008 წლის აგვისტოში პოლონეთის მთავრობის ინიციატივით ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ვარშავაში გაემგზავრა. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა... მიუხედავად იმისა, რომ თემურს სმენა ომის დროს არ დაუკარგავს, გადაწყდა, რომ ორივე ქართველი მოზარდისთვის სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ: ეკასთვის - გულის, თემურისთვის კი თავის ტვინში იმპლანტატი უნდა ჩაედგათ. იმის გამო, რომ ბავშვები ოპერაციის დროს ოჯახის წევრების გარეშე არ ყოფილიყვნენ, კაჩინსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა საქართველოში და მათი ოჯახის წევრები სპეცრეისით ჩაიყვანა ვარშავაში. დღეს ეკას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, თემურს კი 14-წლიანი ნატვრა აუხდა, ყველაფერი ესმის და თავადაც შეუძლია მეტყველება.
ქეთევან მახნიაშვილი: "- ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თემური მამიდებთან
ერთად გამოვუშვით თბილისში. მე 10 აგვისტოს წამოვედი სოფლიდან. თავიდან საავადმყოფოში შეგვასახლეს. ერთ საღამოს მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, პოლონეთის პრეზიდენტს ბავშვები მიჰყავს თავის ქვეყანაში და თუ სურვილი გაქვთ, გავუშვებთო. რამდენიმე დღეში ჩემი შვილიშვილი, სხვა დევნილი ბავშვის მსგავსად, პოლონეთში წაიყვანეს. იქ გამოკვლევა ჩაუტარეს და ლეხ კაჩინსკის ინიციატივით გადაწყდა, თემურისთვის იმპლანტატი ჩაედგათ თავის ტვინში.
განაგრძეთ კითხვა