ცნობილი მსახიობის, რალფ ფაინსის საქართველოში ჩამოსვლამ სოციალურ ქსელში ნამდვილი ემოციათა ზღვა გამოიწვია. ამ იშვიათი ხიბლის მქონე მამაკაცს თაყვანისმცემლები ჩვენს მკითხველთა შორისაც ბევრი ჰყავს. სხვათა შორის, ბედმა მას მშობლის ბედნიერება არ არგუნა, ყოველ შემთხვევაში დღემდე 53 წლის მსახიობს შვილი არ ჰყავს. სამაგიეროდ, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და საკმაოდ რთული ცხოვრებაც ჰქონდა.
მამამისი, მაკრკ ფაინსი ცნობილი ფოტოგრაფი იყო, დედა, ჯენიფერ ლაში კი მწერალი და მხატვარი. რალფის გარდა ოჯახში კიდევ სამი ვაჟი - ჯოზეფი, მაგნუსი და ჯეიკობი, ასევე ორი ქალიშვილი სოფი და მარტა იზრდებოდნენ. მოგვიანებით ფაინსების მრავალშვილიანმა ოჯახმა კიდევ ერთი ვაჟი, მაიკლი იშვილა, რომელიც უკვე 11 წლის გახლდათ. სხვათა შორის, ფაინსების ოჯახი არისტოკრატული წარმომავლობისაა და დედოფალ ელისაბედს ენათესავება. მსახიობის გარემოცვიდან არაერთს აღუნიშნავს, რომ რალფის ქცევასა და მანერებში ყოველთვის იგრძნობოდა არისტოკრატული ფესვები.
ახალგაზრდობაში მსახიობის მამა ფერმერობას მისდევდა, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ცოლმა ფერმა გააყიდინა, რათა ფოტოგრაფიისთვის მეტი დრო დაეთმო. სამწუხაროდ, ფოტოგრაფობით იმდენ ფულს ვერ შოულობდა, რომ ამხელა ოჯახი ერჩინა, ამიტომ სახლების გარემონტებას მიჰყო ხელი. მამას მთელი ოჯახი იმ სარემონტო ბინებში გადაჰყავდა და სამუშაოს დაასრულებამდე დროებით იქ ცხოვრობდნენ.
სამუშაოს ძებნაში მამამ ცოლ-შვილს მთელი ინგლისი და ირლანდია მოატარა. რალფსაც თავის და-ძმასთან ერთად წარა-მარა უხდებოდა სკოლის, ნაცნობების წრის შეცვლა. ვერც კი ასწრებდა ვინმესთან დაახლოვებას, ამ მოხეტიალე ცხოვრების გამო ერთი ბავშვობის მეგობარიც კი ვერ შეიძინა. ვერც თანატოლებთან ურთიერთობის ჩვევები გამოიმუშავა, ამიტომ თანაკლასელები მოსაწყენ და უინტერესო ადამიანებად ეჩვენებოდნენ.