ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას დაესწრნენ ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე; ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი ჯალაღონია; საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლი და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.
ქართველ სამხედროებთან ერთად, ცერემონიაში მონაწილეობდნენ ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება სოლიდის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი, ავღანეთში პოლონეთის კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ადამ ლუზინშიკი, ავღანეთში პოლონეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მარეკ ჟარნოლანში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეკავშირე ჯგუფი და ავღანეთში ჩეხეთის ქვედანაყოფის მეთაური, კაპიტანი მარეკ ჯერაბეკი.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაღუპულ ჯარისკაცს საქართველოში დღეს, დაახლოებით 14.00 საათისთვის ჩამოასვენებენ. მას სამშაბათს რუსთავში დაკრძალავენ.