საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომელიც საპრემიო სისტემას უკავშირდება. ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ეს არის ღია კარის მტვრევა.
"მე მგონია, რომ ღია კარებს ვამტრევთ, პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ", - განაცხადა ხადურმა. კითხვაზე, გადაიხედება თუ არა დღეს არსებული სისტემა, ფინანსთა მინისტრის თქმით, გადახედვაზე არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ მოწესრიგდეს. "თავისთავად ცხადია, ჩვენ მზად ვართ ყველასთან შევიდეთ კომუნიკაციაში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, რომ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.
საუბარია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1-ელ იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებს და გემგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
როგორც საკითხის განხილვისას ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტა, პროექტის მიზანი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერაა, რომლის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. ამასთან, საკომიტეტო განხილვისას უმრავლესობის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრემიის აღების უფლება კანონით შეზღუდული არ უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით საკმარისია თვითშეზღუდვა და პოლიტიკური ნების არსებობა.