ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.
ვასილ ყულჯანიშვილი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როდესაც პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ...
გიო, ვასილ ყულჯანიშვილის მეგობარი:
- ვასო ჩემი პატარა ძმა იყო. ადამიანი, რომელშიც წვეთი ბოროტება არ იყო. ბოლომდე ერთგული იყო სიტყვის, მეგობრების, ქვეყნის. ეს რომ ასე იყო, საქმითაც ხომ დაამტკიცა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, მეგობარი, რომელიც ზუსტად იგივეს იზამდა, მის ადგილას... ასე ვართ ჩვენ ყველანი, ეს ჩვენი ცხოვრების წესია... სულ იცინოდა, სულ კარგ ხასიათზე იყო და მეგობრები "სმაილას" ვეძახდით. რაგბი სიგიჟემდე უყვარდა და უნდა გენახათ მისი ბედნიერი სახე, "ბორჯღალოსნების" მოგებისას. გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა, - აუ, გენაცავალეთ, რა მაგარი ბიჭები გვყავსო! - ამბობდა. ამიტომაც ნატრობდა, მათთვის ვიდეორგოლის მიძღვნას და პატრულირებაზე გასვლის წინ გაანდო ეს მეგობრებს. სამწუხაროდ, ეს მის გარეშე გავაკეთეთ...
- ოჯახი არ ჰყავდა, ხომ?
- არა... ვერ ჰყავდა. ვერ მოასწრო. შეყვარებული ჰყავდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. კარგა ხანია ამ თემაზე არ გვილაპარაკია. წარმოშობით ახალციხელი იყო, ძალიან უყვარდა იქაურობა. მისიიდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად უნდა წავიდეო, ამბობდა...