"ფეისბუქი" 10 წუთით გაითიშა და ოჯახში ყველა ახმაურდა. კაფეში მეგობრებმა ტელეფონები ჩანთაში ჩადეს და ერთმანეთში აზრთა გაცვლა-გამოცვლა დაიწყეს.
და-ძმებმა ერთმანეთის ამბავი მოიკითხეს და დედას სამზარეულოში მიაკითხეს, რა ჰქონდა გემრიელი კერძი მომზადებული.
მოკლედ ამ ათ წუთში მთელი კვირის ამბების გამოკითხვაც მოასწრეს... შვილმა დედას, დედამ დედამთილს, მეუღლემ მეუღლეს, დამ ძმას, შვილიშვილებმა ბებია-ბაბუებს "კარგად შეხედეს", მოიკითხეს და თავისთვის გაეღიმათ.
გმადლობ, ცუკერბერგ! ისევ შენ თუ შეგვახსენებ, რომ "ფეისბუქს" მიღმა რეალობაა...
ეს ათი წუთი საკმარისი იყო, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი,- არსებობენ ადამიანები, ვისაც ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე შეუძლიათ. ვისაც ვუყვარვართ ვირტუალურად და რეალურ ცხოვრებაში. ვუყვარვართ სელფების და ფოტოშოპში დაუმუშავებელი ფოტოების გარეშე.
ერთი რამ ცხადზე ცხადია: ყველას გვყავს "ფეისბუქში" ერთგული მეხოტბეები, ერთგული მეტოქეები, ერთგული მტრები და ერთგული ფარისევლები... საჭორაოდ ჩასაფრებულები და კეთილი გულშემატკივრები...
ამ განსხვავებულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ, - ერთგულება. ისინი ამ არჩევანის ერთგულები არიან. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ოთახში, რომელ სართულზე, რომელ კორპუსში, ქალაქში თუ ქვეყანაში იქნებიან. იმაზე მეტად "გვამჩნევენ", ვიდრე ჩვენ შევიცნობთ საკუთარ თავს. ისინი გაქრნენ რამდენიმე წუთით ჩვენი ცხოვრებიდან და გამოეპარათ ჩვენი "პირადი" საჯაროდ გამოფენილი ამბები.
არ მჯერა იმ მეგობრობის, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დაგიმეგობრდნენ - გაიგონ სად ხარ, ვისთან ერთად, ან უბრალოდ "აგათვალიერონ-ჩაგათვალიერონ" (არ ვგულისხმობ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებებს).
...და აი, წერას შემოვრჩი და "ფეისბუქი" ჩაირთო!
ნანა ჩხაიძე
AMBEBI.GE