როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან

როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან

2017 წლის მარტში დედაქალაქში ახალი მეტროსადგურის, "უნივერსიტეტის" გახსნა იგეგმება. 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მშენებლობა ზაფხულში განახლდა. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა სამუშაოები. Ambebi.ge -სა და Palitratv.ge-ს გადამღები ჯგუფი ტერიტორიაზე 51 მეტრის სიმაღლიდან ლიფტის მეშვეობით დაეშვა.

2.6 კმ. სიგრძის გვირაბში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარეობს დაზიანებული პლატფორმისა და ძველი ლიანდაგების დემონტაჟი. მზადდება ტერიტორია სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოსაწყობად. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ჩიკვაიძეს ესაუბრა.

- განათება, ფაქტიურად, მთელი გვირაბის ტერიტორიაზეა მოწყობილი, ვინაიდან გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. სავენტილაციო წერტილები გვაქვს მოწყობილი იმ ნაწილში, სადაც უშუალოდ კონტრაქტორი მუშაობს. მოწყობილია ორი სატუმბი სადგური, ჩამოტანილია ექვსი ახალი ტუმბო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი წყლისაგან გვირაბი მთლიანად დაგვესუფთავებინა. ამასთანავე, კონტრაქტორი სხვადასხვა ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ესკალატორების, გენერატორების, სავენტილაციო, სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაციისა და სხვადასხვა ტექნიკის ჩამოსატანად.

- როგორია მშენებლობის ტემპი?

- ჩვენ, როგორც დამკვეთი, მივიჩნევთ, რომ დღეის მდგომარეობით კონტრაქტორის მიერ შემოთავაზებული სამუშაოების ტემპი დამაკმაყოფილებელია. თუ საჭირო გახდა, კონტრაქტორს აქვს რესურსი, რომ სამუშაოს ტემპი საგრძნობლად გაიზარდოს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლით. სამუშაოების დასრულების პერიოდი 2017 წლის მარტის თვით განისაზღვრება. ამ ეტაპზე, მცირეოდენი წინსწრება გვაქვს. შესაძლებელია ობიექტი უფრო მალეც ჩავაბაროთ. თუმცა მშენებლობაა, გვირაბია, არ ვიცით, რა გამოჩნდება. ვფიქრობთ, რომ აღებულ გეგმას არ გადავაცილებთ და ობიექტი ვადაში ჩაბარდება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება "დელისის" სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის "ვაჟა-ფშაველას" სადგური გაიხსნა. "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები დასრულებული არ არის. პროექტის განხორციელების შედეგად "დელისსა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე დაემატება.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო "ასიგნია კობრა" ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია "ევროსტუდიამ" მოამზადა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია