თამთა ასათიანს "პალიტრა TV"-ზე გასართობი და პოპულარული შოუ "მიმიხვდი" მიჰყავს. 2 ოქტომბერს მეოთხე სეზონი დაიწყება და ისიც თავის საქმეს შეუდგება. გადაცემა "მიმიხვდი" არხის ის სეგმენტია, სადაც ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა, მსახიობმა, ჟურნალისტმა თუ სპორტსმენმა თამაშ-თამაშში საკუთარი ძალები მოსინჯა და ბევრსაც გაუმართლა - მოიგეს.
თამაშის მთავარი პრინციპი მოხერხებულობა და სისხარტეა, თუმცა ინტელექტის გარეშე ფონს ვერავინ გავა. რამდენიმე სეზონმა აჩვენა, რომ შოუს ყველაზე მეტად მსახიობები უღებენ ალღოს, გამარჯვებულთა შორისაც სწორედ ისინი ჭარბობენ. ასე რომ, "მიმიხვდი" ის რეიტინგული შოუა, რომელშიც ცნობილი ადამიანები სიამოვნებით მოდიან.
"ამბები.გე" ახალი სეზონის წინ გადაცემის უცვლელ წამყვანს თამთა ასათიანს გაესაუბრა.
- გადაცემაში, რომლის იდეის ავტორი გიორგი კაკაბაძეა, შექმნის წუთიდან ჩავერთე. ხომ ვამბობ, მანამდე მის დაგეგმვასა და მომზადებაში ვმონაწილეობდი, ასე ვთქვათ, ეს შოუ ჩემს თვალწინ დაიბადა და განვითარდა. ცოტა ხანში მეოთხე სეზონი დაიწყება და ამის მიზეზი ის არის, რომ გადაცემის მიმართ მაყურებლის დიდი დაინტერესებაა. უყვართ და სიამოვნებით უყურებენ შოუს. "ფეისბუქში" ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვეხმაურება, გვწერენ, საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ. ყოველი გადაცემის შემდეგ ბევრი წერილი მოგვდის როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე "პალიტრა ტვ"-ის ოფიციალურ გვერდზე. ასე რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, შოუს ამდენ სეზონზე არ გავაგრძელებდით, მაგრამ პირველივე გადაცემიდან იმდენად დიდი იყო ადამიანების დაინტერესება, "იუთუბსა" და "პალიტრატვ.გე"-ზე იმდენი ნახვა ჰქონდა, რომ მივხვდით, გადაცემა ტელესივრცეს სჭირდებოდა.
- პოლიტიკური თოქ-შოუებისგან დაღლილია მაყურებელი და როგორც ჩანს, განტვირთვა სჭირდება...
- დიახ, საზოგადოება, ზედმეტად მძიმე თემებით დაიღალა, არადა, იმ თემების გაშუქებაც აუცილებელია, მაგრამ მაყურებელს პერიოდულად ცოტა განტვირთვა და მხიარულებაც სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ "მიმიხვდი", ამის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, მასში მონაწილე ცნობილ ადამიანებს მაყურებელი სხვა რაკურსით ეცნობა. თვალს ადევნებს მათ მოხერხებულობას, სისხარტეს, ინტელექტს, სამსახიობო ოსტატობას ა.შ.
- ისე, ამ გადაცემაში სისწრაფე აუცილებელია, მაგრამ მგონი, ინტელექტიც საჭიროა...
- კი, ინტელექტი მნიშვნელოვანია. გასართობი, მსუბუქი, სახალისო, თითქოს მარტივი თამაშია, მაგრამ ინტელექტს არ გამორიცხავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იყო შემთხვევები, როცა პირადად მე გაკვირვებული დავრჩი. რა თქმა უნდა, არ დავასახელებ მოთამაშეებს და ადამიანებს, რომელთაგან მეტს ველოდი და ცოტა იმედები გამიცრუვდა... თუმცა საბოლოო ჯამში, "მიმიხვდი" არის გადაცემა, რომელზეც ერთობა ერთნაირად - მაყურებელი, ჩვენი გადამღები ჯგუფი და თავად ყველა მოთამაშე. მიხარია, რომ ცნობილი ადამიანების დასაპატიჟებლად დიდი ახსნა-განმარტება არ გვჭირდება, რა შოუში ვიწვევთ, იციან და ყველა სიხარულით გვთანხმდება და მონაწილეობს.
- ახალ სეზონზე რა ელის მაყურებელს?
- პრინციპი რჩება იგივე, - ცნობილ სახეებს ისევ მოვიწვევთ და საშუალებას მივცემთ, საკუთარი თავი გამოსცადონ და ძალები მოსინჯონ. თუმცა შოუში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, წამზომმა შეიძლება დააბნიოს კონკურსანტები, ბევრი რამ ვერ ახსნან და ამაში გასაკვირი არაფერია. თან, ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს...
მოკლედ, ახალი სეზონი 2 ოქტომბერს დაიწყება და მაყურებლისთვის გარკვეული სიურპრიზიც გვაქვს: შოუ არა სამი, არამედ 4 ტურისგან იქნება შემდგარი, თუმცა საიდუმლოდ დავტოვებ იმას, რა დავალება მიეცემათ მონაწილეებს მეოთხე ტურში. ვიტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი მრავალფეროვნებისთვის კეთდება, რომ მას კიდევ მეტმა ადამიანმა უყუროს და დაინტერესდეს. მოკლედ, მაყურებლის მხრიდან მეტ დაინტერესებას ველოდებით. რაც მთავარია, გამარჯვებული წყვილი "პალიტრა ტვ"-სგან და ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან უცხოეთში დაუვიწყარი მოგზაურობით დაჯილდოვდება.
- სამი სეზონის მაგალითზე, როგორც წამყვანი, რას მიხვდი?
- სამმა სეზონმა დამანახა, რომ მთავარია სისხარტე, მოხერხებულობა, მიხვედრილობა და ამ ყველაფრით ყველაზე მეტად ხელოვანები და განსაკუთრებით მსახიობები გამოირჩევიან. ფინალსაც მსახიობები იგებენ. თუმცა ვნახოთ, ამ სეზონმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. წელს გვინდა, რომ დიდი ყურადღება სპორტსმენებსაც მივაქციოთ, კალათბურთელებს, მორაგბეებს. აი, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, მოვიყვანოთ თუ არა, სულ ვფიქრობთ, მათ მოწვევას და საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდით.
მოკლედ, ველოდებით 2 ოქტომბერს და იმას, ახალი შოუ თუ როგორ მოეწონება მაყურებელს.
ლალი ფაცია