ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს. ამ მძიმე წუთებში თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდში დგას და ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.
ამასთან, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას საქართველოს პირველი პირები ეხმურებიან. მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
წუთიერი დუმილით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა. მინისტრებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს.
პრემიერმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაღუპული სამხედროს დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დაავალა.
"მინდა პირველ რიგში ვაცნობო საზოგადოებას, რომ გუშინ საღამოს ავღანეთში, სამწუხაროდ, ჩვენი ჯარისკაცი - 21 წლის, ვასილ ყულიჯანაშვილი დაიღუპა. პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამწუხაროდ, ის ამ დროს დავკარგეთ. ასევე დაიჭრა ერთი სამხედრო, რომელიც გადაყვანილია ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვგეგმავთ, რომ ის გერმანიაში გადავიყვანოთ.
მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ეს საშინელი ტრაგედია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას"', - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს.
ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს უსამძიმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც.
"გუშინ ავღანეთში ერთი ჯარისკაცი დავკარგეთ. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. წუხელ მთელი ღამე იქ ვიყავით და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და, რომელიც ასე გმირულად შეხვდა ამ ამბავს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, დაჭრილ ჯარისკაცს ოპერაცია გაუკეთდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ ჯარისკაცს დღეს გერმანიაში კლინიკაში გადაიყვანენ და ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. რაც შეეხება დანარჩენ ჯარისკაცებს, ხიდაშელის განცხადებით, ისინი ჯანმრთელად არიან.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინციდენტი პატრულირების დროს მიხდა და ეს არ იყო ბაზაზე თავდასხმა ან რაიმე მსგავსი შემთხვევა.