"გილოცავ, რომ არ დაახურდავე სამშობლო წვრილ-წვრილ შურისძიებებზე" - ეკატერინე ზღულაძის წერილი გიგი უგულავას

"გილოცავ, რომ არ დაახურდავე სამშობლო წვრილ-წვრილ შურისძიებებზე" - ეკატერინე ზღულაძის წერილი გიგი უგულავას

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის წერილი გიგი უგულავას:

"წერილი გიგი უგულავას

გიგი,

გამიხარდა შენი ნახვა, თუნდაც შორიდან. გამიხარდა, რომ კარგად ხარ. გამიხარდა, რომ თავისუფლების აღკვეთამ ვერ დაგატყვევა. გამიხარდა შენი სიმშვიდე, წონასწორობა, ბუნებრიობა, შინაგანი ძალა. გამიხარდა შენი პირადი, ძალიან სათუთი სიხარული და ტკივილი. ტკივილიც გამიხარდა, უფრო სწორად, ის, თუ როგორ ატარე ეს ტკივილი, ეს ხომ ხშირად განსაზღვრავს ადამიანს.

გილოცავ გიგი გამარჯვებას. გილოცავ, რომ არ გაბოროტდი. გილოცავ, რომ არ დაახურდავე სამშობლო წვრილ-წვრილ შურისძიებებზე. გილოცავ, რომ ეს მძიმე, მაგრამ ძვირფასი დრო არ გაგექცა. გიყურებდი, გისმენდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს დრო შენი პატიმარია და არა პირიქით.

ვამაყობ ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსით, რომელიც დგას მყარად, ძლიერია მარტოც და სხვის გვერდითაც. ეს მაიმედებს, რომ შემდეგი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელს, არ იქნება "პატარა" და "უმწეო" და დასრულდება ცუდი კავკასიური ვენდეტისა და ცუდი საბჭოთა პოპულიზმის სახელმწიფო მოღვაწეობად გასაღების ძალიან ცუდი ქართული ტრადიცია. ბოლოს რომ გნახე, მშვიდი იყავი, მაგრამ ფიქრობდი და ეს ფიქრი არ იყო ნაფიქრი. ეხლა - იყო. მომინდა მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფიქრი არ გაგექცევა. მანამდე ყველამ უნდა ვიფიქროთ.

ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ორი რამე მომწონდა შენში: შეშინებული არ მინახიხარ, არასდროს. ბევრი მინახავს, დღეს პოლიტიკის სხვადასხვა კუთხეში მიყუჟულები, შენ - არა, და კიდევ ერთი რაც სულ მახსოვს… შენც იცი , მეც ვიცი, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად არ იყო; კარგად არ იყო დაგეგმილი ან ცუდად იყო განხორციელებული ან სულაც, თავიდანვე არ იყო სწორი. მაგრამ მე მახსოვხარ შენ, ხშირად ერთადერთი, რომელიც უმძიმეს შეხვედრებზე იცავდა სხვას, არასოდეს არ ეძებდა "დამნაშავეს" და არ ჩუმდებოდა, როცა თვლიდა რომ მართალი იყო, განსაკუთრებით თუ ეს მართალი იყო - სხვა. ეს მნიშვნელოვანი თვისებებია, მაგრამ არა საკმარისი. ამ ჯერზე სხვა თვისებები მომხვდა თვალში - თავმდაბლობა სიმტკიცისას, პრინციპულობა თვითკმაყოფილების გარეშე, ობიექტურობა თვითგვემის გარეშე და მთავარი: წარსულის მომავლის აგურებად დაშლა. მომავალზე ფიქრი, თავისუფალი ფიქრი… მე არ ვარ ციხეში, მაგრამ თავისუფალი ფიქრი ყოველთვის არ გამომდის.

მესიამოვნა, რომ წარსულზე ნაფიქრი გაქვს. მეც ავწონე , უკრაინაში. სიჯიუტე და პატივმოყვარეობა იყო იმის დაჩემება, რომ რეფორმების ჩვენეული ხედვა იყო ერთადერთი და სწორი. გავიზარდეთ და ცხოვრებამ (შენ - შენმა, მე- ჩემმა) გვაჩვენა, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ სინამდვილეში პრობლემების გადაჭრის მრავალნაირი გზა არსებობს. ყოველთვის მართალი არავინ არ არის. მაგრამ ის, რაც გვქონდა და არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, არის რეფორმების აბსოლუტური, დაუოკებული სურვილი და ნება. ზუსტად ეს არის, რაც ოლიგარხებს და მათ "სათამაშოებს" ყველგან და კონკრეტულად საქართველოშიც, არ და ვერ ექნებათ.

რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობა გაშიშვლდა და დაგვანახა "საბჭოურობის" და "პოსტ-საბჭოურობის" მთელი არსი. თავისუფალი კაცის (შენნაირის) პრივილეგიაა მოიქცეს ისე (როგორც შენ მოიქეცი), რომ წარმოაჩინოს ნამდვილი სახე იმ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანებისა, რომლებიც მას აპატიმრებენ. ამ დროს სისტემა თავმოჭრილი ქათამივით ფართხალებს, რათა გადამალოს გონიერი და ნათელი პიროვნებები. ასეთი მძაფრი განცდა მქონდა, საოცარი მოწიწება, სენცოვის სიტყვების და ვაჟკაცობის წინაშე მისი "მსაჯულების" მიმართ.

საქართველო რუსეთი არ არის (ჯერ!) და შენი მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც მისი. შენ მალე თავისუფალი იქნები, ივანიშვილი წავა. ჩვენი ერის გენშია თავისუფლების წყურვილი და გარდაუვალია, ის ჩაანაცვლებს ცუდ "ოცნებას". მაგრამ ! ჩემთვის მთავარი კითხვა ყოველთვის იყო: და რა ხდება მერე? როგორ ვიქცევით, როგორც ერი, ქვეყანა? მე მგონი შენი ერთ დღეში გვაჩვენე გამოსავალი. როგორც შენ თქვი, ბევრი ჩენთაგანი, რომელიც თანხმდება აწმყოსა და მომავალზე, ვერასოდეს შეთანხმდება წარსულზე. მოდი ვისაუბროთ წარსულზე, მოდი გამოვიტანოთ დასკვნები, მაგრამ მოდი წარსული - შორეული თუ ახლო, ნურასოდეს შეუშლის ხელს საერთო მომავალს. კარგია, რომ ივანიშვილმა და "ამალამ" შეგვახსენა, რა არ უნდა მოხდეს. რევანში… ისტერიული მმართველობა, ერთი კაცის ზეობა კანონზე, "განტევების ვაცების" ძიება, ღარიბთა "კვება" სიძულვილით, ინტრიგებით, ქსენოფობიით დ შეუწყნარებლობით ნაცვლად პურისა და შესაძლებლობებისა. ეს ბნელი გზაა. ამ გზით მიგიყვანეს ციხეში და საქართველო კი -უამრავ პრობლემამდე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. არის უკეთესი გზები. მაგალითად გზა, რომელიც შენ აირჩიე და გაიარე ძალიან გრძელი 24 საათის განმავლობაში და გაიარე კარგად! მადლობა ამისთვის და იყავი ფრთხილად, რადგან შენმა განწყობამ შეაშინა ისინი და სუსტი კაცები განსაკუთრებით საფრთხილო არიან, როცა ეშიანიათ. ჩვენ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. შენი საქმეა ეხლა კარგად ყოფნა და იმ ფიქრის ფიქრის გაგრძელება, რომელმაც გაგხადა ასეთი თავისუფალი.

პატივისცემით,

ეკა" - წერს ზღულაძე.