ჭორი მაქვს გაგებული, რომ ხელისუფლება მაქსიმუმ 7-8 სასამართლო პროცესში შეეცდება დაამთავროს "რუსთავი 2"-ის საქმე , - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ჭორი იცის იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაში დაბრუნებულ ქონებას გადასცემს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს. "მედიის სფეროში ამბები, რომელიც ვრცელდება და ჭორები, რომელიც ისმის ხოლმე, სამწუხაროდ ხდება. ერთი ასეთი ჭორი მაქვს გაგებული, რომ მაქსიმუმ 7-8 სასამართლო პროცესში შეეცდება ეს ხელისუფლება დაამთავროს "რუსთავი 2"-ის საქმე და ღმერთმა ქნას, რომ ეს ასე არ იყოს. ასევე კიდევ ერთი ჭორი ვიცი, რომ ქიბარ ხალვაში, მერე, ამ თავის დაბრუნებულ ქონებას დაუბრუნებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს. ყოველი შემთხვევისთვის იყო ეს ინფორმაცია ასე საჯაროდ "გამოდებული". ვთქვათ, რომ გიორგი ლაფერაშვილი ცუდად ჭორაობს", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.