19:00 საათზე მახათას მთაზე პატრიარქის ხელმძღვანელობით ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა, კურთხევის შემდეგ მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ. ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება.
"დღეს ისტორიული მომენტია. მახათას მთაზე ამობრძანდება უწმინდესი და აკურთხებს ჯვარს. მთელი ღამე ექნება მრევლს საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს. ხვალ წირვას მეუფე გრიგოლი ჩაატარებს დილით, შემდეგ კი ჯვარი გუმბათზე აბრძანდება", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტაძარი აშენდება და პატრიარქს საჩუქრად მისი აღსაყდრების 40 წლისთავზე, 2017 წლის 25 დეკემბერს გადაეცემა.
მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ასევე სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით ხვალ, 12:00 საათზე ჯვრის აღმართვა მოხდება.