"პროფილის" ტრანსფორმაცია: რატომ გადაწყვიტა მაია ასათიანმა იმიჯისა და გადაცემის ფორმატის შეცვლა

"პროფილის" ტრანსფორმაცია: რატომ გადაწყვიტა მაია ასათიანმა იმიჯისა და გადაცემის ფორმატის შეცვლა

მაყურებლის რეაქციებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ "პროფილის" ტრანსფორმაცია წარმატებული აღმოჩნდა. ამ სეზონიდან გადაცემაში მხოლოდ პრობლემებზე ისაუბრებენ. ახალი სეზონის პირველ გადაცემას, წამყვანის იმიჯს და სტუმრების უმძიმეს ისტორიებს უკვე მოჰყვა შეფასებები, მაყურებელმა განახლებული "პროფილი" მეტნაკლებად დადებითად შეაფასა. რატომ გადაწყვიტა იმიჯის და გადაცემის ფორმატის შეცვლა, ამის შესახებ მაია ასათიანი AMBEBI.GE-ს უამბობს.

- რატომ გადაწყვიტეთ გასართობი "პროფილი" დაუტოვოთ "სხვა პროფილებს" და ამ სეზონზე მხოლოდ პროლემებზე ისაუროთ თქვენს გადაცემაში?

- როგორც ჟურნალისტი, მივეჩნევ, რომ ერთი ადგილის ტკეპნა მოსაწყენია. ჩემს პროფესიაში ყოველთვის გაუკვალავ თოვლში სიარული მიყვარდა. თავის დროზე, როცა "პროფილი" გავაკეთეთ, ამ გადაწყვეტილებას ბევრი უყურებდა სკეპტიკურად. ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება პოპულარული გამხდარიყო გადაცემა, სადაც სტუმრად არ იქნებოდნენ პოლიტიკოსები. ერთ წელიწადში "პროფილი" სუპერ პოპულარული გადაცემა გახდა. ახლა, როცა ფორმატი შევცვალე, იგივე ხალხი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება არ გააკეთო გადაცემა ყვითელ თემებზე და ეს გადაცემა იყოს რეიტინგული? მე მიყვარს რთული გამოწვევების წინაშე დგომა და დაუპყრობელი მწვერვალების აღება, ეს არის ჩემი აზარტი. ასევე ძალიან მაღელვებს ის თემები და პროლემები, რაც საზოგადოებაშია. "პროფილის" შემდეგ ტელებაზარზე გეომეტრიული პროგრესიით მომრავლდა მსგავსი გადაცემები, შესაბამისად, მოვიდა დრო, გასართობი ჟანრი დავუთმოთ "სხვა პროფილებს" და ჩვენ ღიად ვისაუბროთ საზოგადოების პრობლემებზე. სამარშრუტო ტაქსებში, ქუჩაში, სახლებში, ხალხი ამ თემებზე საუბრობს და ჟურნალისტი ახლოს უნდა იყოს ხალხის პრობლემებთან.

- საზოგადოება საკუთარ ოჯახში მომხდარ პრობლემებს, ძალადობის, გაუპატიურების და სხვა ფაქტებს მალავს. რთული არ იქნება ასეთი რესპოდენტების მოძიება?

- ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არავის ვავნოთ და მოვუტანოთ ზიანი. გვინდა სასარგებლო იყოს გადაცემა სხვებისთვის, ამიტომ ეწერა ცხელი ხაზის ნომერი "პროფილს". ეს პრობლემები ერთი და ორი ადამიანის მოსაგვარებელი არ არის. საზოგადოების ჩართულობაა მთავარი. რთულია, შეცდომებიც იქნება, მაგრამ მჯერა, რაღაც ახალს გავაკეთებთ. მე მიყვარს საკუთარ თავში რაღაც ახალის აღმოჩენა.

- იმიჯის შეცვლა ფორმატის ცვლილების გამო გადაწყვიტეთ?

- ერთი და იგივე ადამიანის ერთნაირი იერის ყურება მოსაწყენია, ერთფეროვნება ცუდია. მე მიყვარს, როცა მე თვითონ ვიცვლები და ჩემთან ერთად ჩემი შვილი - "პროფილიც" იცვლება.

- საზოგადოებამ დადებითად შეაფასა განახლებული "პროფილი", ელოდით ასეთ შეფასებებს?

- მადლობელი ვარ მაყურებლის, ვინც გამოგვეხმაურა. ვინც გვაკრიტიკებდა, ისინიც დადებითად გამოგვეხმაურა. ალბათ ალაგ-ალაგ შეცდომებსაც დავუშვებთ. მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა არის ძალიან კარგი და მგონია, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

VIDEO| მაია ასათიანის მონოლოგი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები