პროკურორების მთავარი მიზანია, ივანიშვილს პატაკი ჩემი დაკავების შესახებ მზის ჩასვლამდე ჩააბარონ, რადგან მერე ის იძინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლოს სხდომის საათნახევრით გადადების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვის თქმას პროცესის განახლების შემდეგ არ აპირებს.
"სასამართლოს დღის წესრიგს ივანიშვილი კი არა, გაუგებარი წარმონაქმნი მეჭიაური ადგენს. საბოლოო სიტყვის თქმას არ ვაპირებ და თუ განაჩენს ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის გარეშე გამოიტანენ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა. პროკურორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე ჩააბარონ პატაკი, მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე ის იძნებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დააბინავონ იქ, სადაც იყო აქამდე", - განაცხად გიგი უგულავამ.
მან არსებული ვითარება მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებს" შეადარა. "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში" მგონია თავი, მაგრამ მთლად სიკვდილი არ არის. მისი ქართული ვარიანტია "გამოცხადებული დაჭერის ქრონიკა", - განაცხადა გიგი უგულავამ.