საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე კლინიკა "მედინაში", საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მოსანახულებლად იმყოფებიან.
მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გიორგი პაპუაშვილი და მოსამართლეები კლინიკა "მედინაში" ერთი საათის წინ მივიდნენ. ტურავა კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
გიგი უგულავას საქმეზე გამოცხადება გუშინ, 11:00 საათზე დაანონსდა, რომლის მიხედვითაც, პლენუმს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მერაბ ტურავა მას შემდეგ მივიდა საავადმყოფოში, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გამოცხადება დააანონსა.