ქუთაისში მკვდარი უპატრონო ძაღლებისთვის ოფიციალური სამარხი არ არსებობს. მკვდარი ცხოველების დასამარხ ადგილად ნიკეას ნაგავსაყრელს ასახელებენ.
"ქუთაისში მაწანწალა ძაღლები, რომლებიც ან ავტომობილმა იმსხვერპლა, ან უბრალოდ ქუჩაში მოკვდნენ, მიჰყავთ ნიკეას ნაგავსაყრელზე, სადაც პრაქტიკულად ძაღლების არაოფიციალური სამარხია," - ირწმუნება "ქუთაისი-პოსტის" წყარო, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი პირები, ნაგავსაყრელზე ძაღლების არაოფიციალური სამარხების არსებობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ შემოსული ნაგვის ზედაპირული გადამოწმების დროს, შესაძლოა მკვდარი ცხოველი გამორჩენოდათ.
"ნიკეას ნაგავსაყრელზე ვიდრე ნაგავი დაიყრება, ხდება მისი ზედაპირული გადამოწმება, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გარდაცვლილი ძაღლი გვენახა ნაგავში, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ აქ მოჰყავთ და მარხავენ გარდაცვლილ ცხოველებს. რადგან ნაგავის გადამოწმება არ ხდება დეტალურად, შეიძლება ყოფილიყო ერთეული შემთხვევები და ვერ შეგვენიშნა", - იწმუნება ნიკეას ნაგავსაყრელის ოპერატორი და პასუხისმგებელი პირი ავთანდილ ღუღუნიშვილი.