რას მოგვიტანდა აფხაზეთთან კონფედერაცია და დაკარგა თუ არა შევარდნაძემ სოხუმის დაბრუნების შანსი 1997 წელს

რას მოგვიტანდა აფხაზეთთან კონფედერაცია და დაკარგა თუ არა შევარდნაძემ სოხუმის დაბრუნების შანსი 1997 წელს

რას მოგვიტანდა აფხაზეთთან კონფედერაცია? არის თუ არა იმის შანსი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგეს? როგორი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული შემადგენლობა აფხაზეთთან კონფედერაციის პრინციპებით ფედერაციის შექმნას რომ დავთანხმებოდით? ამის განსჯა ექსპერტებს უჭირთ, თუმცა, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც მთავარია, საქართველო იქნებოდა ერთიანი სახელმწიფო.

რა არის კონფედერაცია და რას გვთავაზობდა აფხაზური და რუსული მხარე 1990-იან წლებში? კონფედერაცია ნიშნავს რამდენიმე სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს, რომელში შემავალი სუბიექტები სრული სახით ინარჩუნებენ სუვერენიტეტს. გადაწყვეტილებები კი მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.

ქართველებსა და აფხაზებს შორის მსგავსი გაერთიანების შექმნის წინადადებით 1997 წელს რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი და ვლადისლავ არძინბა ჩამოვიდნენ. გაიმართა დახურული შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან. რუსული და აფხაზური მხარე თანახმა იყვნენ აფხაზეთი, როგორც კონფედერაციული სუბიექტი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო. თუმცა, შევარდნაძე ამ წინადადებას არ დათანხმდა. ექსპერტთა თქმით, მაშინდელი პრეზიდენტის უარმა აფხაზეთი საქართველოს საბოლოოდ ჩამოაშორა. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ შევარდნაძის უარის მიზეზი მაშინდელი პოლიტიკური ელიტის გამოუცდელობა იყო.

"მაშინ ძალიან რთული იყო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. პოლიტიკური თვალსაზრისით სხვა კონტექსტი იყო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული მხარე არ იყო მზად და პოლიტიკური ელიტაც სხვანაირად ხედავდა მოვლენებს. ყველას ეგონა, რომ ბლოკადას, რომელიც დსთ-ის ფარგლებში იყო შემოღებული 1999 წლამდე, უნდა მოეტანა შედეგად ის, რომ შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გამო აფხაზები თვითონ მოვიდოდნენ ჩვენთან, რაც არ მოხდა", - აღნიშნავს "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილი. მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნას:

"დღევანდელობიდან გამომდინარე, რომ დავთანხმებოდით, თუ საქართველო დასავლეთისკენ წავიდოდა, ალბათ, რუსეთი შეგვიქმნიდა პრობლემას. თუმცა, ილუზიაა ის, რომ რუსეთს ყველაფერი შეუძლია, მათ ყველაფერი არ შეუძლიათ. მათი რესურსებიც შეზღუდულია. ვინაიდან პრობლემების შექმნის მცდელობა ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ბევრია დაკავშირებული იმასთან, შენ რამდენად მზად ხარ, რომ ამ პრობლემებს ადეკვატურად უპასუხო".

მას შემდეგ რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან კონფედერაციაზე არაერთხელ გაკეთდა განცხადება, თუმცა, არაოფიციალურად. ასე მაგალითად, დაახლოებით ორი წლის წინ "კავკასიური სახლის" ეგიდით გამართულ შეხვედრაზე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ თუ აფხაზები და ოსები საქართველოსთან შვეიცარიის კონფედერაციის მოდელზე თანახმა იქნებიან, რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი.

"მისი ამ მტკიცების დაჯერება რთულია. მეორეც ძალიან დიდი დრო გავიდა, განსაკუთრებით აფხაზებთან მიმართებაში, დღეს ისინი ვერ ხედავენ ქართულ სახელმწიფოებრიობაში რაიმე სახით საკუთარ თავს. იგივე ფედერაციის ან კონფედერაციის სახით. თუმცა, დრო მიდის და რაღაცები შესაძლოა, შეიცვალოს. მით უმეტეს, მათ ბოლო დროს რუსეთის ქმედებები აღიზიანებთ", - აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.

ექსპერტი მამუკა არეშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ თემას რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები "სატყუარასავით გვიგდებენ".

"როდესაც ჩვენ ვსვამთ საკითხს კონფედერაციიდან გასვლა შეეძლება თუ არა სუბიექტს, ამაზე პასუხი არ არის. მაგალითად, შვეიცარიაში რეფერენდუმის საფუძველზე, ერთ-ერთ კანტონს შეუძლია თავისუფლად გავიდეს, თუ რეფერენდუმში მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა. თუ ჩვენ ლტოლვილები ვერ დავაბრუნეთ აფხაზეთში და იქ ჩატარდა რეფერენდუმი ჩვენი და საერთაშორისო კონტროლის გარეშე, მაშინ ნებისმიერ შედეგს მიიღებენ და იურიდიული, გამართლებული ფორმით გავლენ საქართველოს შემადგენლობიდან. ამას გარდა, კონფედერაციამდე ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, არმია, ფულადი ერთეული, საგარეო პოლიტიკა, ვინ გააკონტროლებს ამ ყველაფერს, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, კონფედერაციაზე საუბარი წყლის ნაყვაა", - ამბობს მამუკა არეშიძე.

არის თუ არა იმის შანსი, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერაციის შექმნის საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად დადგეს? ექსპერტების თქმით, უახლოეს მომავალში ეს თითქმის შეუძლებელია.

"ვფიქრობ, რომ სტატუსის განხილვით არ უნდა დაიწყო არც ერთი საქმე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან მიმართებაში შეხედულებების ეტაპობრივად ცვლილებას მოახდენს. თუ ჩვენ მომავალი 10-15-20 წლის განმავლობაში სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს", - მიაჩნია გიორგი კანაშვილს.

"კონფედერაციის საკითხი დღეს დღის წესრიგში არ დგას საერთოდ. რუსები ამას არ დაუშვებენ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ვთქვათ, მოხდა საოცრება და დაუშვეს, ამ შემთხვევაში ჩვენ აფხაზებს შეგვიძლია შევთავაზოთ ბევრი რამ, მათ შორის ქვეყნის მართვაში უფრო აქტიური მონაწილეობა. მაგალითად, ვიცე-პრემიერის პოსტი ან პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა. თუ სიტუაცია ისე დალაგდა, როგორც საქმეს სჭირდება, მაშინ შესაძლოა, ვიფიქროთ პრეზიდენტის პოსტის შეთავაზებაზეც. გარდა ამისა, შეგვიძლია შევთავაზოთ ინვესტიციები, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია აფხაზური ენისა და ერის გადარჩენა", - ამბობს მამუკა არეშიძე.

აფხაზეთი დღემდე პოტენციურად უმდიდრეს კუთხედ მიიჩნევა. ექსპერტთა მოსაზრებით, თუ ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმდებიან რაიმე სახით ერთიანობაზე, აფხაზეთის სიმდიდრის გამოყენება ქართულ ეკონომიკას და აფხაზეთსაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

"მეც მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან... გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს