ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ქართულ ენასთან შეხება არასდროს ჰქონიათ, ქართული მარცვლების წარმოთქმა საკმაოდ რთულია. "პალიტრა TV"- მ და AMBEBI.GE -მ ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, როგორ წარმოთქვამენ ქართულ სიტყვებს უცხოელები.
ექსპერიმენტი ტურისტებისთვის სახალისო აღმოჩნდა. ისინი მაქსიმალური მონდომებით იმეორებდნენ ქართულ სიტყვებს, რომლების სწორად წარმოთქმა ზოგჯერ ქართველებსაც უჭირთ.
ჭყინტი, ზღარბი, მწვრთნელი, მღრღნელი, ბრდღვნა, ჭვიშტარი, მეჭურჭლეთუხუცესი, სადღეგრძელო - ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომლებიც უცხოელებს უნდა გაემეორებინათ. მათ თითქმის ყველა სიტყვის გამეორება შეძლეს. თუმცა, რა თქმა უნდა, დაახლოებითი მსგავსებით. სიტყვა, რომლის წარმოთქმა თითქმის ვერცერთმა უცხოელმა ვერ შეძლო, ძველი ქართული სიტყვა მეჭურჭლეთუხუცესი აღმოჩნდა. თანამედროვე მეტყველებაში ეს სიტყვა აღარ იხმარება, მაგრამ მკითხველს, რომლმაც მისი მნიშვნელობა არ იცის, შევახსენებთ, რომ მეჭურჭლეთუხუცესი გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი, სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე იყო.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE