ავღანეთის ქალაქ ღაზნიში თალიბმა მებრძოლებმა ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება შტურმით აიღეს, მოკლეს ოთხი სამართალდამცველი და 350 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ღაზნის პროვინციის გუბერნატორის, მუჰამედ ალი აჰმადის თქმით, ერთ-ერთმა თალიბმა მებრძოლმა ციხის შესასვლელთან თავი აიფეთქა, დანარჩენმა ორმა თავდამსხმელმა კი პარალელურად საპყრობილის საკნების კარები გააღო. ისინი კარგად ორგანიზებულები იყვნენ და ფორმები ეცვათ.
მოძრაობა "თალიბანმა" პასუხისმგებლობა მომხდარზე მალევე აიღო. გავრცელებული ცნობით, ციხეში მხოლოდ 80 პატიმარი დარჩა. ჯერ უცნობია, თუ ვინ იყვნენ გათავისუფლებულ პატიმრებს შორის, ასევე უცნობია, თუ სად გაიქცნენ ისინი.