თბილისში კიდევ ერთმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თსუ-ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ზუკა კოკაია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან გადახტა... გადაწყვეტილების მიღებამდე კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"...ვინც კარგად მიცნობს, იცის, თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ბაჩო და რა რთულად (ჯერაც ვერ) გადავიტანე მისი სუიციდი. ბაჩომ თავისი საქციელით პირადად მე წამართვა მომავალი, რადგან აწყობილი, დალაგებული და გათვლილი თუ მქონდა რამე, მასთან ერთად მხოლოდ... მისი თხოვნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევასრულე - მოვისროლე ქუდი და უქუდოდ დავიწყე ცხოვრება... მისი წასვლის შემდეგ მეც გამიმძაფრდა სუიციდის სურვილი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მქონდა ამის სურვილი და დღემდე მომყვა. აი, ამას კი იმიტომ ვწერ, რომ თუ ვინმე ჭორიკანას დასჭირდა, გადამოწმება ადვილია, ადვილია და მოდი, გადაამოწმეთ, სანამ ჩირქს მოსცხებთ ჯესიკას... ნამდვილად არ მინდა, ის გამოიაროს, რაც ბაჩოს მარიამმა, როცა სუიციდი მას დაბრალდა. უბრალოდ, რამდენად მცირე უნდა იყო, რომ იფიქრო, გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო?!
ყველაზე მეტად ზაფხულში მივხვდი, ბაჩო რას გრძნობდა მაშინ, იმ დღეებში. ბაჩო, რომელსაც ვერ ვუძმაკაცე, როცა სჭირდებოდა და ვუძმე, როცა არ სჭირდებოდა, მაგრამ მთხოვა...
რომ ვნახავ, საყვედურთან ერთად მადლობასაც ვეტყვი და ბოდიშსაც...
ვისაც სუსტი გეგონეთ, შეხედეთ, რა ძალა აღმომაჩნდა, ვისაც ძლიერი - თქვენც დააკვირდით, სისუსტემ მძლია...
იცოდეთ, გჯეროდეთ, რომ ჰეფი ენდი არსებობს, გწამდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და არასდროს დაკარგოთ ის ადამიანი, ვისაც უყვარხართ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენში რაიმეს ვერ გადალახავთ... ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ.
ჩემს სახელზე ბავშვს ვინმემ ალექსანდრო დაარქვით, მე ვერ ვქენი... 23"
ლიკა კაჭარავა, ზუკას მეგობარი: - 4 წელია, ზუკას ვიცნობ. მხიარული, ნიჭიერი, ჭკვიანი, ძალიან კარგი და საიმედო მეგობარი მყავდა. 5 დღის წინ მამაჩემმა კინოში გადაიღო, "მაიტა ნასოსი 2"-ში. ისეთ განწყობაზე იყო, ვერ ვიფიქრებდი, თუ ამას ჩაიდენდა. როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, სულ მეჩხუბებოდა - რა გჭირს, რა მოწყენილი ხარო? სხვებს ამხნევებდა და თვითონ როგორ გააკეთა ეს?! 5 წლის წინ მისმა ბავშვობის ძმაკაცმაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ზუკა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ თემაზე იშვიათად ლაპარაკობდა.
- პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
- წერილში კი წერს, ჯესიკას ბრალი არ არისო, მაგრამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი შეყვარებულთან დაშორება იყო. დიდხანს იყვნენ ერთად და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულთან შესარიგებლად წავიდა ქობულეთში, მაგრამ შერიგების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა... 5 წლის წინ ზუკა კოკაიას მეგობარმა, ახალგაზრდა პოეტმა ბაჩო აბრალავამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას ძალიან უყვარდა გალაკტიონი და ჰბაძავდა კიდეც. ალბათ, ამის გავლენაც იყო, რომ მასავით ფანჯრიდან "გაფრინდა"...