"კვირის პალიტრა", #37 | KVIRISPALITRA.GE
მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, ამ საქმეზე ხმაური შეწყდა. თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული სიკვდილის გარემოებები დღემდე განხილვის საგანია.
ახლახან ზურას მეგობრებმა თავიანთი ფოტოარქივიდან "კვირის პალიტრას" მიაწოდეს ფოტო, რომელზეც ჟვანია ულვაშით არის. ალბათ, გახსოვთ, ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, ყოფილი პრემიერი ქალაქში ნიღბით ხშირად დადიოდაო: "ეს ნიღაბი წვერი იყო... ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი და როდესაც კონსპირაციულ ბინებში მივდიოდით, გაიკეთებდა ამ წვერს, სათვალეს, ქუდს ჩამოიფხატავდა... ამ დროს სასწაული შესახედი იყო".
ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა მარინა მოლოდინმა საკუთარი არქივიდან ფოტო გადმოგვცა და დასძინა, - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! აი, თურმე ამაზე ლაპარაკობდა ძაძამია, რომ ზურა ნიღბით დადიოდა.
- ეს ხომ კარნავალის ფოტოა?
- კი, 2004 წლის საახალწლო კარნავალის ფოტოა, სადაც ზურა ამგვარი ნიღბით და ჩაცმულობით გამოგვეცხადა. მე ხევსური გოგო ვიყავი, შევარდნაძის ნიღაბი ვის ეკეთა, აღარ მახსოვს... როცა დაცვის წევრებმა ჟვანიას ნიღაბი და ჩაცმულობა აღწერეს, გამახსენდა, რომ ზურა ასეთი ჩაცმულობით სადღაც მენახა. მე და ხათუნა ხოფერიამ ძაძამიას ვკითხეთ: დაგვიზუსტე, სად დადიოდა ზურა ამ ნიღბით, სად შეიძინა ის, კიდევ ვის ახსოვს ეს ჩაცმულობა... ძაძამიამ მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ ეს ნიღაბი ზურასთვის ოპერიდან გამოიტანა. ჰოდა, გამახსენდა, რომ მაშინ ოპერიდან მხოლოდ ზურამ კი არა, ყველამ გამოვიტანეთ კოსტიუმები. შემდეგ ჩემი ფოტოარქივი მოვქექე და ეს ფოტოც ვიპოვე. აი, თურმე რას გულისხმობდა სამარცხვინო ძაძამია! როცა ვკითხეთ, რატომ ვერავინ შენიშნა იმ ავბედით ღამეს, როდის შევიდა კონსპირაციულ ბინაში ზურა, გვითხრა, ნიღბით ვერავინ იცნოო. მაგრამ განა ვინმემ იმ ღამით (ან სხვა დღეებში) საბურთალოს 53-ში "არაბი შეიხის" შესვლა დაინახა?! გამოაქვეყნეთ ეს ფოტო, რათა ყველა დარწმუნდეს ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების სიცრუეში! ეჭვი აღარ მეპარება, რომ ზურა სხვა ადგილას გარდაიცვალა, რასაც ეს არამზადები მონდომებით მალავენ.
- იქნებ ზურაბ ჟვანიას სხვა ნიღაბიც ჰქონდა?
- გამორიცხულია! ძაძამიას აღწერა ზუსტად ამ ნიღაბს ემთხვევა, თანაც თქვა, რომ ოპერიდან გამოიტანა. კარგად მახსოვს, როდის გამოვიტანეთ ოპერიდან ნიღბები.
- ბატონ ზურაბს კონსპირაციული ბინები მართლა ჰქონდა?
- კონსპირაციული ბინები ჰქონდათ სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც და აქვთ დღესაც. ეს ბუნებრივია. მათ ზოგჯერ შეხვედრებისთვის არაოფიციალური გარემო სჭირდებათ, სადაც კედლებს "ყურები არ ექნებათ". დარწმუნებული ვარ, ზურას კონსპირაციული ბინა რომც ჰქონოდა, ნიღბის გარეშე შევიდოდა და კლოუნობას არ დაიწყებდა, რადგან ეს დასამალი არ არის.