იაშვილის დამწვრობის ცენტრში ჩატარდა ოპერაცია, რომელიც ერთ-ერთი უიშვიათესია ქართული მედიცინის ისტორიაში. 8 წლის სანდროს მარჯვენა ხელის ამპუტაცია ემუქრებოდა, რადგან ღობეზე გადასვლისას გაშიშვლებულ ელექტროსადენებს ხელით შეეხო და უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ექიმებმა პატარა დაინვალიდებისგან ურთულესი ოპერაციით იხსნეს.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბავშვის დედას თამარ მიდერაშვილს და ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეს.
თამარ მიდერაშვილი:
- მეზობელთან ვიყავი სამძიმარზე გადასული, როგორც მითხრეს, ბავშვი ღობეზე ავიდა, სადაც თურმე ელექტროსადენები გადიოდა, რომელიც იზოლირებული არ იყო, ბავშვმა ხელი მოკიდა შიშველ სადენს, სადაც და 220 ვოლტის სიმძლავრის დენი გადიოდა. ჩემი შვილი სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა იმდენად ძლიერი გარტყმა მიიღო, იქვე გაითიშა. მეზობელმა გამოუძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაიყვანეს ბავშვი გორში სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სანდრო შოკში იყო, იმდენად ცუდად იყო, ვერავის სცნობდა, ხელ-ფეხს იქნევდა და ყვიროდა, ექიმები ვერ ამაგრებდნენ, მეც კი ვერ მიცნო, რომ მივედი საავადმყოფოში, მაგრამ ჩემი ხმა რომ გაიგო, გონება დაუბრუნდა.
როცა ბატონმა გუგამ და ზურა ექიმმა გვითხრეს, რომ ბავშვი ხელს დაკარგავდა, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ მკვებავების საშუალებით და იმ უიშვიათესი ოპარაციით, ბავშვს ხელი მუცელზე მიაკერეს და ნერვული სისტემა აღუდგინეს, არ ვიცი სანდრო როგორ ახერხებდა, მაგრამ დიდი სიმშვიდით იტანდა ამ ყველაფერს. ახლა კარგად არის, მხიარულია და ბავშვებთან თამაშობს კიდეც. ჩემმა 8 წლის შვილმა 220 ვოლტის სიმძლავრის დენის დარტყმას გაუძლო - ექიმებმაა კი სასწაული შეძლეს და ხელი შეუნარჩუნეს. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ.