ბათუმში 10 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ე.წ. დევნილების დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მეორე დღესვე შუახევის რაიონში დააკავეს. "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოკლული 27 წლის სენაკელი მამუკა შეროზიაა, რომელიც ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენების ვინაობას, ვერ გავარკვიეთ. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულებს ადგილობრივებმა განგვიცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული და მისი მეგობრები ბათუმში არ ცხოვრობდნენ და მათ შესახებ არაფერი იციან.
რა მოხდა 10 სექტემბრის ღამეს? - ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილი დღემდე პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. ჩვენდა გასაკვირად, ადგილობრივები რატომღაც მომხდართან დაკავშირებით საუბარს გაურბიან. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და გასროლის ხმაც არ გაუგია.
მკვლელობა ბათუმის გარეუბანში ე.წ. დევნილების დასახლებაში მოხდა. კერძოდ, აფხაზეთის ქუჩის 22-ე კორპუსის წინ. დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს სასურსათო მაღაზია, რომელიც მკვლელობის ღამეს მუშაობდა. თუმცა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ: - "ჩვენც გაოცებულები ვართ, რომ აქვე, ორ ნაბიჯში მკვლელობა მოხდა და გასროლის ან შეკამათების ხმა ვერ გავიგეთ. მომხდარის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა პატრულისა და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდნენ. ჯერ გვეგონა ერთი იყო დაჭრილი, მერე მეორეც იპოვეს, ისიც უკვე გარდაცვლილი იყო. ეს ბიჭები აქაურები არ არიან. როგორც ითქვა, ერთი გარდაცვლილი ჩაქვში ცხოვრობდა. მეორე კი, 27 წლის მამუკა შეროზია, სენაკელი იყო და აქ სტუმრად დეიდასთან და ბებიასთან იმყოფებოდა".
- მკვლელობის ვერსიებზე რას ამბობენ?
- როგორც ხალხი ამბობს, მკვლელობა ქალის მიზეზით მოხდა. თუმცა, ვინ ვის წაათვა ქალი და ცოლად მოიყვანა, არ ვიცი. ერთი ეგ ვიცი, რომ ის სენაკელი სულ ტყუილად მოკლეს. იმ ღამით 4 მანქანა ამოსულა, მამუკა უბნის ბიჭებთან ერთად ეზოში მდგარა. მისთვის უკითხავთ შენი მეგობარი სად არისო, ამას უთქვამს, არ ვიციო. როგორ თუ არ იციო და ამაზე ჩხუბი ამტყდარა. დანარჩენი კი იცით, რაც მოხდა.
"კვირის პალიტრა" მოკლული მამუკას შეროზიას ოჯახის ახლობელსაც ესაუბრა. მკვლელობის მიზეზი მათთვისაც უცნობია.
ი.ჭ. მოკლულის ოჯახია ახლობელი:
- მამუკა დედისერთა ბიჭი იყო. დედამისმა წვალებით გამოზარდა ეს ერთი შვილი. ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო. ეკლესიური, სტიქაროსანი. ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ დედისერთა რადან იყო, დედის ხათრით თავს იკავებდა.