სამოქალაქო ომის საფრთხე თურქეთში: რა უნდა შესთავაზოს თურქეთის მთავრობამ ქურთებს იმისათვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს?

სამოქალაქო ომის საფრთხე თურქეთში: რა უნდა შესთავაზოს თურქეთის მთავრობამ ქურთებს იმისათვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს?

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქურთ მებრძოლებსა და თურქეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გუშინ ქალაქ ჯიზრეში მომხდარ შეტაკებას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქურთი მებრძოლები არიან. თუმცა, "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენელთა ცნობით, დაღუპულთაგან დაახლოებით 20 ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ქალაქ ჯიზრეში თურქეთის არმიამ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებული ძალები აქტიურად უტევენ ქურთების პოზიციებს ერაყშის ტერიტორიაზეცვ. ვითარების დეესკალაციის მიზნით, დასავლეთი მხარეებს მოლაპარაკებების განახლების მოუწოდებს.

როგორც თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში თურქი ანალიტიკოსი, ნიგარ გოქსელი ამბობს, იმისათვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს და დაპირისპირება სამოქალაქო ომში არ გადაიზარდოს, მნიშვნელოვანია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

"არცერთ მხარეს არ შეუძლია მეორის დამარცხება სამხედრო ესკალაციის გზით. თურქეთის მთავრობასა და "ქურთების მუშათა პარტიას" შორის მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. ამ დროისათვის მხარეებს შორის უნდობლობაა. ახალი და უფრო მეტად ჩამოყალიბებული და სტრუქტურირებული ფორმატია საჭირო მოლაპარაკებებისთვის. ეს პროცესი კი უფრო მეტად ინსტიტუციონალიზებული უნდა იყოს, ვიდრე ამდრომდე. მოლაპარაკებების პროცესი უნდა მიეძღვნას განსაკუთრებით განიარაღებას, ამნისტიის პირობებს და გარდამავალ მექანიზმებს", - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბრისას თურქი ანალიტიკოსი.

თურქეთში ქურთები უკვე რამდენიმე ათეული წელია ავტონომიას ითხოვენ, რასაც ოფიციალური ანკარა არ თანხმდება. რა შეიძლება შესთავაზოს ქვეყნის მთავრობამ ქურთებს ავტონომიის გარდა, იმისათვის რომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს? ნიგარ გოქსელი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საჭიროა არაერთი რეფორმის განხორციელება:

"თურქეთმა უნდა განახორციელოს რეფორმები, რომელიც ქურთების უფლებებს შეეხება, მაგალითად, მათ უნდა მიეცეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მოხდეს დეცენტრალიზაცია ქურთების სასარგებლოდ და კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ ისეთი ფრაზები, რაც ქურთების დისკრიმინაციაზე მიუთითებს".

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიური გახდა. ქვეყნის არმია ქურთების პოზიციებს ყოველდღიურად უტევს. საპასუხოდ ამბოხებულები თითქმის ყოველდღე ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობენ.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა