გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილები არიან მევენახეები გურჯაანიდან, თელავიდან და ლაგოდეხიდან. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან შეხვედრის გარდა ითხოვენ, რომ მათთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდეს. ადგილზე იმყოფება ასევე ღვინის სააგენტოს დირექტორი, გიორგი სამანიშვილი.
გურჯაანის გამგეობასთან მობილიზებულია სამართალდამცველებიც.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.
მევენახეების აქციაზე დღეს მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დააკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია.
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ.
იხილეთ ასევე: მევენახეების აქცია პოლიციამ დაშალა, ნაცემია აქციის რამდენიმე მონაწილე