ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე შეიძლება გავლენას ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
კაკაურიძე ლარის გაუფასურების პროცესს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციით ხსნის. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით იმაზე მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს
"ინვესტიციებთან დაკავშირებით 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა. დღეს არსებული ყველა პარამეტრით, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 80%-ით მეტი შემოვიდა, ტურისტული ნაკადები საკმაოდ მაღალი იყო. ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას შეიძლება ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო.
გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ლარის კურსს შიდა ფაქტორებით გამოწვეული რყევა არ უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში მიმდინერობს ტენდენცია, ჩვენს გარშემო ქვეყნებში ვალუტები საკმაოდ გაუფასურდა. ამას ქმნის მოლოდინები, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებში არსებობს. იგივე აზიის და ევროპის ბაზრებზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციას იმის მოლოდინი ამძაფრებს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. ამიტომ მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი იმისა, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება. ეს მოლოდინები საქართველოშიც გადმოდის. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით იმასთან შედარებით მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.