პუბლიცისტი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი "ფეისბუქზე" სირიაში არსებულ ვითარებაზე, ლტოლვილების პრობლემებსა და ძალადობის მიზეზებზე წერს:
ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ სიმართლე იშვიათადაა წმინდა და არასდროსაა მარტივი. ლტოლვილების პრობლემა ზოგადად და ეს კონკრეტული შემთხვევა აჩვენებს, რომ იოლად შეიძლება გადავვარდეთ ორ უკიდურესობაში. ეს ქალი პირობითად მემარჯვენე უკიდურესობას გამოხატავს: ლტოლვილები საფრთხეა, ისინი ჩვენ გაგვანადგურებენ, რატომ უნდა დავიხმაროთ და შევიფაროთ, პირიქით, თავი უნდა დავიცვათ მათგან. მემარცხენე უკიდურესობა პირობითად ასეთია: ადამიანი თავისთავად კარგია, კაპიტალიზმი აქცევს მას მონსტრად.
ამ ქალის შემთხვევა გვიჩვენებს მარტივ რაღაცას: ძალადობა არ არის კაპიტალიზმის შედეგი. ძალადობა, როგორც სპონტანური ისე სისტემური, ეკონომიკური ექსპლოატაციის ჩათვლით, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიდრეკილია ანტიეკონომიურობისაკენ, მისი მთავარი მამოძრავებელი არ არის ეკონომიკური, მას არ აინტერესებს სარგებელის მიღება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ძალადობის ფორმების მიზეზებიც პოლიტიკური ეკონომიის გარეთაა საძებნელი. მეორეს მხრივ, ამ ქალის შემთხვევა იმასაც გვიჩვენებს, რა მარტივად შეგვიძლია ვიპოვნოთ დამნაშავე, რომელიც დაგვეხმარება რთული პრობლემისათვის "განტევების ვაცის" პოვნაში.
ეს ჟურნალისტი მუშაობს ტელევიზიაში, რომელიც ახლოსაა ვიქტორ ორბანის პარტია "იობიკთან" და მასავით მემარჯვენე-რადიკალურია. ჯოხი, რომელიც გადატყდა კონკრეტულ მოძალადე ჟურნალისტზე გვიჩვენებს, რომ საზოგადოება სრულიად უძლურია იგივე ორბანის წინააღმდეგ. ვერც ევროპული პოლიტიკა და ვერც საზოგადოება ვერ უპირისპირდება ვერც კონკრეტულ ვიქტორ ორბანს ვერც ნაციონალიზმის ტალღის ზრდას. და თვითონ ორბანიც, საფრანგეთის ეროვნული ფრონტიც, გერმანული პეგიდაც უფრო რთული და კომპლექსური პრობლემის სახეა. თუ, მაგალითად, გამარტივებულად, თუმცა სამართლიანად, მივიჩნევთ, რომ სირიის ომი და ისლამური სახელმწიფოს აღზევება "დასავლური" კოლონიალიზმის პირდაპირი ან ირიბი შედეგია აუხსნელი დაგვრჩება მდიდარი არაბული ქვეყნების მიერ ლტოლვილთა პრობლემის სრული იგნორირება.