რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემდეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ზღვაზე სხვადასხვა ინფექციისგან და როგორი ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ საკითხზე გინეკოლოგი ხათუნა შაიშმელაშვილი გვესაუბრება.
- ხშირად ქალბატონები ჩივიან, რომ ზღვაზე, აუზზე დაავადდნენ სოკოვანი დაავადებითა და სხვა ინფექციებით...
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ზღვის წყლით არ გადადის. თუ საცურაო აუზზე ყველა სანიტარული ნორმა დაცულია, ასევე თუ წყალი ქლორირებულია ყველა წესის დაცვით, მცირეა ინფექციის გადაცემის რისკი. რისკი მატულობს იმ შემთხვევაში, თუ წყალი დაგუბებულია და იშვიათად იცვლება. თბილი, დამდგარი წყალი ინფექციას ინახავს. ამიტომ, როდესაც აუზზე გადაწყვეტთ სიარულს, დარწმუნდით, რომ იქ ყველანაირი სანიტარული ნორმა დაცულია.
- რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემედეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება?
- გინეკოლოგიური პროფილაქტიკური შემოწმება თითოეული ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. თუ პროფილაქტიკურ კვლევებს ზღვის სეზონის შემდეგ ჩაიტარებთ, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდად იყოთ, რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა ექიმს მიმართავს უპირატესად მაშინ, როცა იწყება გარკვეული ჩივილები, დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნებები. დაავადებათა დიდი ნაწილი შეიძლება ადვილად განიკურნოს, ან საერთოდ თავიდან იქნას აცილებული დროული დიაგნოსტიკითა და პროფილაქტიკით. ქალის ჯანმრთელობის საუკეთესო რეცეპტი არის რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა გინეკოლოგთან, სულ მცირე 1-2-ჯერ წელიწადში.