რაც უფრო მაღალია სახელმწიფო მოვალეობა, მით მეტია პასუხისმგებლობა და შევიწროებულია პირადი ინტერესები და სფეროები. თითოეული უმაღლესი პირის უფლება-მოვალეობა კანონით არის გაწერილი, თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა მათთვის კანონით გაწერილი აკრძალვები, რომელიც ეხება არა საქმიან ურთიერთობებს, არამედ პირად, ადამიანურ ინტერესებსა და უფლებებს.
უფრო დეტალურად ამის გასარკვევად AMBEBI.GE პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ხმალაძე:
კანონში გაწერილი, რომ უმაღლეს პირს რაღაც ეკრძალება, ასეთი რამ არ არის. ერთ-ერთი შეზღუდვა არის ის, რომ ის, ვისაც იცავს სახელმწიფო, ანუ ვისაც სახელმწიფო დაცვა ჰყავს, ყველგან ამ დაცვის თანხლებით უნდა იყოს, მაშინაც კი, როდესაც ის არასაქმიან შეხვედრაზე მიდის. ასეთ დროსაც დაცვის სამსახური წინასწარ მიდის და იმ ადგილს ამოწმებს, სადაც პირი მიდის. ის, რომ თანამდებობის პირს ვინმესთან მისვლა ეკრძალებოდეს, ასეთი აკრძალვები არ არსებობს.
მისივე თქმით, უმაღლესი პირებისთვის კანონში აკრძალვები არ არის გაწერილი, თუმცა ადამიანური აკრძალვები მიეკუთვნება ურთიერთობის ეთიკის სფეროს, რომელიც ინდივიდუალურია და თითოეულ უმაღლეს პირზეა დამოკიდებული.
დაუწერელი ეთიკის წესები ისეთივე რაღაცაა, როგორც დაუწერელი კანონები, რომელსაც ზოგი იცავს, ზოგი არღვევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ან პრემიერს რამე კანონიერი აკრძალვები აქვს, რაც ადამიანურ შეზღუდვებს გულისხმობს. სხვადასხვა ადამიანი თავისთვის სხვადასხვა წესებს მიიჩნევს დასაცავად.
მაგალითად რომ ვთქვათ, ჩემი სტანდარტი ასეთია, მე ამას ვიცავ, თქვენ შეიძლება თქვენთვის უფრო მაღალი სტანდარტი გქონდეთ დადგენილი, ეს ინდივიდუალურია და რამე კანონს არ ექვემდებარება. ეთიკის ნორმების მიმართ ერთნაირი შეხედულებები არ არის, აქ თვითშეზღუდვა უფრო უნდა მუშაობდეს. ეს უფრო დამოკიდებულია კონკრეტული პირის აღზრდაზე, განათლებაზე, იმ შეხედულებებზე, რომელიც თავად მას აქვს, მას გამოუმუშავდა, იმაზე, თუ რამდენად სცემს პატივს სხვების აზრს და ა.შ.", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE