ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რუსეთში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერალის, ზურაბ სოტკილავას შესახებ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:
"ზურაბ სოტკილავას, სოხუმელს, რუსულ არხზე აფხაზებმა სოხუმში ჩასვლა და მშობლების საფლავის მონახულება შესთავაზეს, თან ვიდეო აჩვენეს და ცრემლებში კინაღამ დაახრჩვეს ჭარმაგი ტენორი.
სოტკილავამ მწარედ უარყო შეთავაზება, აფხაზებს პირში უთხრა, ათასობით დევნილი ვერ ჩადის და მე რა სინდისით ვისარგებლო ამ პრივილეგიითო!" - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოპერო მომღერალს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მან დაგეგმილი კონცერტების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
სოტკილავამ ავადმყოფობაზე მას შემდეგ მიიტანა ეჭვი, რაც საგრძნობლად დაიკლო წონაში და გულისა და მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მან ონკოლოგიურ ცენტრს მიაკითხა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარეს, სადაც ანალიზებმა თავდაპირველად არაფერი აჩვენა, რის შემდეგაც მომღერალი გერმანიაში გაემგზავრა. იქ კი გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. სოტკილავას გერმანიაში მისი ძველი მეგობარი, მწერალი ალექსანდრე პოტემნიკი დაეხმარა. საოპერო მომღერალს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა, შემდეგ კი ქიმიოთერაპიის კურსი დაენიშნა.
იხილეთ ვიდეო: ზურაბ სოტკილავას ემოციური ეთერი რუსულ შოუში