2 სექტემბერს ხელვაჩაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. დალი ფარტენაძეს მის კუთვნილ მაღაზიაში მკვლელი თავს დაესხა და ქაღალდის საჭრელი დანით ყელი გამოსჭრა. როცა გამხეცებული მამაკაცი ქალს დანას ურტყამდა, შემთხვევით მაღაზიაში ალექსანდრე კობალაძე შევიდა და მაშინვე სცადა მოძალადისთვის ქალი გამოეტაცა, მაგრამ უშედეგოდ. მკვლელმა არც ის დაინდო, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და გაიქცა.
მამაკაცის ყვირილზე მაღაზიასთან ხალხი შეგროვდა, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მაგრამ დალი ფარტენაძის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ალექსანდრე კობალაძის ჭრილობები კი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
შორენა ჯაში, კლინიკის მთავარი მედდა: "ყველაზე ღრმა თავის არეში მიყენებული ჭრილობაა. მამაკაცი იმდენად შოკირებული იყო, ხმას ვეღარ იღებდა. მხოლოდ ეს თქვა, სოფელში მივდიოდი, მაღაზიაში შევიარე პურის საყიდლად, დახლთან გამყიდველი რომ ვერ დავინახე, მივიხედ-მოვიხედე, დავინახე, ქალი ძირს ეგდო და მამაკაცი დანას ურტყამდა. მკვლელს წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მე მომიბრუნდა და დანა რამდენჯერმე დამარტყაო".
მკვლელობის თვითმხილველი, ალექსანდრე კობალაძე, უკვე დაჰკითხეს. მალე მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. სადისტურად მოკლული დალი ფარტენაძის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია. თავიდან გამოითქვა ეჭვი, ხომ არ უკავშირდებოდა მკვლელობა მის საქმიანობას, თუმცა ეს მაშინვე გამოირიცხა და მკვლელობის მოტივიც გაცხადდა - მკვლელი ქალს სურსათს ნისიად სთხოვდა.