ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, "ენჯეოშნიკობა" უზნეობა არ არის, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანას ზიანს აყენებს.
"რაც შეეხება "სოროსელობას", სოროსი ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შემქმნელად ითვლება, ამიტომ კრებსით სახედ გამოვიყენე. თუმცა, გამონაკლისების გარდა, მისი წიაღიდან გამოსულები, ძირითადად, ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან, საპატრიარქოსა და პატრიარქს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებენ და თუთბერიძეების მსგავსი პიროვნებების დაფინანსებას გვამადლიან. ასე რომ, აქ საამაყოს ვერაფერს ვხედავ და არც მე მოვიხდი ბოდიშს. საბოდიშო სხვებს აქვთ", - განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილისთვის კოალიციის მხარდაჭერას, დეპუტატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ხალხის აბსოლუტური ნდობით აღჭურვილი ლიდერი იყო, მან კი პრეზიდენტის პოსტზე რეკომენდაცია გიორგი მარგველაშვილს გაუწია. "მას მანამდე არც ვიცნობდი და მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ვიფიქრე, ბიძინა იცნობდა კარგად", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
რაც შეეხება დეპუტატის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზე მისი კოლეგების შეფასებას, მეჭიაური აცხადებს, რომ დავით ზურაბიშვილი მისი კოლეგა არასოდეს ყოფილა.
"მე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი ვარ, ზურაბიშვილი კი კოალიციაში ერთ-ერთი შავი ლაქაა. დანარჩენებს რაც შეეხება, განცხადების გაკეთების შემდეგ, საღამომდე, სხდომათა დარბაზში ვიჯექი და თუ რომელიმე კოლეგამ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო, მოსულიყვნენ და განვუმარტავდი. ამის ნაცვლად, მხოლოდ მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები მესმოდა, ამიტომ ვფიქრობ, აქ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე.
რესპუბლიკელებში არის ჯგუფი, რომელიც კოალიციის სხვა წევრებს მედიდურად უყურებს, ნაწილი კონსტრუქციულია. მაგალითად, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ებანოიძე, თემურ ნერგაძე კომუნიკაბელური ადამიანები არიან, ძმებ ბერძენიშვილებზე, ხიდაშელსა და ზურაბიშვილზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. ვიღაცებს ნუ ჰგონიათ, რომ შანტაჟით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეძლებენ - ხალხს ისინი არ აურჩევია! ყველაფერი უკვე ვთქვი. ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ", - განაცხადა მეჭიაურმა.
"კვირის პალიტრა"| "ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ"