ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარას" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სისხლისსამართლებრივი დევნა სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მოთამაშეთა კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე მიმდინარეობს (იხილეთ ვიდეო)
"გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორი ვედრან ბაიატი, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს "კაზინო აჭარამ" 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.
ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის ორგანიზებით, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით.
ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, შპს "კაზინო აჭარა" სისტემატურად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, შპს "კაზინო აჭარას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 19 269 277 ლარი.
გამოძიება აგრძელებს სამორინეს საქმიანობის შესწავლას, მიღებული შემოსავლების კანონიერების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების ირგვლივ.
იურიდიულ პირს შპს "კაზინო აჭარას" ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.
ბრალდებულებს ვიქტორ ტროიცკის და ვედრან ბაიატს დატოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და თავს არიდებენ გამოძიებას.
ვედრან ბაიატისთვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო ვიქტორ ტროიცკის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.