კიევში, უკრაინის რადასთან დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად 122 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 14 უმძიმეს მდგომარეობაშია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მათივე ცნობით, დაღუპულია ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დღევანდელი მოვლენების გაშუქებისას ერთი ფრანგი ჟურნალისტიც დაშავდა, რომელსაც თავში ნასროლი ქვის შედეგად ტვინის შერყევა აქვს.
ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო, რომ დღევანდელი არეულობის ყველა ორგანიზატორი უმკაცრესად დაისჯება. "დღეს ძალოვანებს შევხვდი, გაცემულია მკაფიო დავალებები ამ მოვლენების გამოსაძიებლად. ყველა ორგანიზატორი, აღმასრულებელი და ყველა პოლიტიკური ძალა უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა პოროშენკომ.