გასულ კვირას ლარი ერთ დღეში დაახლოებით 5 თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ვალუტის არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა. 25 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3640-დან 2,4161 ლარამდე დაეცა, თუმცა, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად იყიდებოდა. ბოლო 16 წელიწადში ლარი ყველაზე მეტად 1999 წლის თებერვალში იყო გაუფასურებული, როცა 1 დოლარი 2,4510 ლარი ღირდა.
ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი: მაშინაც ლარის კურსი ნახტომისებურად შეიცვალა. მახსოვს, პარასკევი იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის შემდეგ ყველანი შინ წავედით. კურსი სტაბილური იყო. შაბათს კი მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და კვირასაც გაგრძელდა. მოგეხსენებათ, უქმეებზე ეროვნული ბანკი არ მუშაობს. ორშაბათს კი ლარი ნახტომისებურად დაეცა. ამ დღეს "შავი ორშაბათიც" დავარქვით. გამოიკვეთა, რომ კურსის ასეთი ვარდნა გარე ფაქტორებით იყო პროვოცირებული. გახსოვთ ალბათ მაშინდელი რუსეთის დეფოლტი - ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კრიზისი განვითარდა, გადავიდა იაპონიაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და ამ გზით რუსეთზეც გავრცელდა. რუსეთიდან კი ჩვენზე გადმოვიდა.
იმ დროს ერგნეთში ვაჭრობა დუღდა და არ არსებობდა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები. რუსეთში ფასები მკვეთრად დაეცა და ეს იაფი საქონელი ერგნეთის ბაზრობით ჩვენთან შემოვიდა. ამან ის გამოიწვია, რომ ხდებოდა ლარის დოლარში კონვერტირება და ქვეყნიდან დოლარი მასობრივად გაედინებოდა. დაირღვა თანაფარდობა დოლარსა და ლარს შორის. სავალუტო ბაზრის მოთამაშეებს შორის პანიკა წარმოიშვა, დაიწყო სპეკულაციური თამაშები და გარე ფაქტორს დაერთო შიგა ფაქტორიც - სავალუტო ბაზრის ნევროზული მდგომარეობა, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და კომერციული ბანკების სპეკულაციური ოპერაციები. ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 1 დოლარის ფასმა 2,45 ლარი შეადგინა. 16 წლის შემდეგ ლარი იმ ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.
- რა ზომებს მიმართა ეროვნულმა ბანკმა?
- უპირველესად, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სპეკულაციური ოპერაციებისგან თავი შეეკავებინათ. შესაძლოა, ვინმეს მოკლევადიანი მოგება მიეღო, მაგრამ საბოლოო ჯამში საბანკო სისტემა დანგრეულიყო. სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით კომერციული ბანკებიც წააგებდნენ და მთლიანად ეკონომიკაც. იმ დროსაც და ალბათ დღესაც, ეკონომიკის ერთადერთი ჯანსაღი სეგმენტი საბანკო სისტემა იყო.
ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირებდა და ბიუჯეტიც დეფიციტური იყო. საბანკო სისტემაც რომ კოლაფსში ჩავარდნილიყო, მთელი ეკონომიკა დაინგრეოდა. ბანკების ხელმძღვანელებმა შეგნება გამოიჩინეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას.