გუშინ, ბათუმის ბულვარში "ალი და ნინოს" ძეგლის გადატანისას, ნინოს ძეგლი დაზიანდა, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ამწეს მძღოლის დაუდევრობა იყო, რადგან გამძლე ბაგირი არ შეარჩიეს, თუმცა დაზიანება უმნიშვნელოა და მალე შეკეთდება.
ბევრმა ეს დაზიანება ღვთის ნიშნად მიიჩნია და წალეკა სოციალური ქსელი ურა-პატრიოტულ, ურა-მართლმადიდებლურმა სტატუსებმა. თურმე, ნინოს ძეგლი რომ დაიმტვრა, კარგია, რადგან ძეგლის კონცეფციიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ მუსლიმი მამაკაცი ხდიდა ნამუსს ქართველ ქალს.
თუ ასე განიცდით ამ ამბავს (მუსლიმის მიერ ქართველის ნამუსის ახდას), მინიმუმ 10 საროსკიპოს გეტყვით (თბილისში, ლესელიძის ცენტრალური გზის პირას განთავსებულს) სადაც მხოლოდ თურქი მძღოლები დადიან და ქართველ ქალებს ნამუსის ახდაზე უარესს უშვებიან. ჰოდა ის, ვინც ასე განიცდით ამ ამბავს და მხოლოდ ამწეს მძღოლის დაუდევრობის იმედად ხართ, კომენტარებში დაწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ამ საროსკიპოების მისამართს გეტყვით, მიდით და მერე იქიდან წერეთ აღშფოთებული სტატუსები "ფეისბუქზე".
რამდენადაც ვიცი, საროსკიპოების უმეტესობა აჭარაშია. ის, ვინც თბილისიდან წერდით სტატუსებს და აჭარაში ჩასვლა გაგიჭირდებათ, ნუ იდარდებთ, ხაშურის რ-ნის სოფ. გომში არაერთი "ლოკანტაა", სადაც მუდამ მუსლიმი მძღოლები არიან გაჩერებული. სხვათა შორის, იქ ქართველი ქალები ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ, ეს ისე, ცნობისთვის...
თუ ასეთი დამამცირებელი იყო "ნინოს და ალის" ძეგლი (რომელიც რეალურად თანამედროვე ბათუმის ძალიან ლამაზ სიმბოლოდ იქცა), რატომ ველოდით დანგრევას?! თუ ეს უფლის ნიშანი იყო, რათა გონზე მოვეგოთ და მუსლიმებს "აღარ მივცეთ" (ბოდიში მომითხოვია ვულგარიზმისთვის), თუ ქართველის მიერ ქართველთან მრუშობა კურთხეულია და ალის ნაცვლად ზეზვა ან ვეფხვია რომ რქმეოდა, ყველაფერი დალაგდებოდა?!
ნათქვამია, როდესაც ადამიანს ყველაფრის რესურსი ამოეწურება, უკანასკნელი თავშესაფარი პატრიოტიზმიაო. ამაზე ბრძნული ნათქვამი იშვიათია. სწორედ პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის ნიღაბს იფარებენ ყველაზე ხშირად, მერე ამ ნიღაბს ამოფარებულები სჩადიან ყველაფერს, თუმცა ეპატიებათ, რადგან "პატრიოტები" და "მორწმუნეები" არიან.
ერთმორწმუნე ძმაც ხომ სწორედ მართლმადიდებლობის ნიღბით ცდილობს იმ დანაშაულის გამართლებას, რასაც სჩადის. არაფერი ამაში გასაკვირი არაა, დამნაშავე ყოველთვის ეცდება თავის გამართლებას და ამისთვის რაღაც მიზეზს გამოიყენებს, უბედურებაა ისაა, რომ მსხვერპლი იჯერებს ამ მიზეზს.
ნინოს ძეგლის დაზიანებისთანავე უამრავი მოწოდება გაჩნდა, თუ რა შეიძლება მის ადგილას განთავსდეს. მოწოდებათა უმეტესობა "პატრიოტულ-მართლმადიდებლურია". მგონი დროა საქართველოს ერთი დიდი კედელი შემოვარტყათ და კედლის აქეთა მხარეს მხოლოდ ქართველებმა ვიცხოვროთ, სხვა სარწმუნოების არავინ შემოვუშვათ, თუ ვინმე შვიდგზის ლოცვას არ წაიკითხავს შვიდჯერ სახალხოდ გავშოლტოთ, ვისაც საქართველოს ჰიმნი ზეპირად არ ეცოდინება (კონსტიტუციის არცოდნა პირველ ჯერზე საპატიოა), მთელი დღე ნინო ჩხეიძე ან უფრო უარესი ვასმენინოთ, ამასობაში ქვეყანაც აშენდება, თუმცა მსოფლიო რუკაზე ახალი ქვეყანაც გაჩნდება სახელად - ჩრდილოეთ კორეა #2.
პ.ს. "ალი და ნინო" - არის ასეთი ძალიან კარგი რომანი, სადაც აზერბაიჯანელ ბიჭს ქართველი თავადის ქალი - ნინო შეუყვარდება. ლამაზ ოჯახსაც შექმნიან. ავტორი ყურბან საიდია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ავტორი გრიგოლ რობაქიძეა, რომელმაც ეს ფსევდონიმი აირჩია. სავარაუდოდ, სწორედ ამ რომანიდან გამომდინარე ჰქვია ძეგლს ეს სახელი და სანამ ძეგლის დანგრევის გამო უფლის ნიშნების ძიებას დავიწყებთ, აჯობებს ეს წიგნი წავიკითხოთ, მგონი არ იქნება ურიგო.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE