ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური გარემო და ლარის დევალვაცია არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე, არამედ მსხვილ ბიზნესებზეც აისახა.
ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობამ ბიზნესმენთა ნაწილის საქმიანობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. თუმცა, მათი ნაწილი ცდილობს ბიზნესგეგმები არ შეცვალოს და სირთულეების მიუხედავად, საქმიანობა გეგმების მიხედვით გააგრძელოს. ბიზნესმენი თემურ ჭყონია bpn-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, გეგმების ბოლომდე მიყვანას აპირებს.
"ლარის კურსთან დაკავშირებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, ხალხის პესიზმი, რა თქმა უნდა, აისახება ბიზნესზე. ჩვენ საინვესტიციო გეგმებს არ ვცვლით მიუხედავად იმისა, რომ ვითარება არაპროგნოზირებადია და ძალიან ხშირად იცვლება ლარის კურსი. ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში დადებით ეკონომიკურ ძვრებს არ ელოდება: "როგორ უნდა შეიცვალოს დადებითად, როდესაც არანაირი ძვრები არ ხდება. მე არ ვარ განწყობილი, რომ იქნება დადებითი ცვლილებები. პარლამენტის ზოგიერთი წევრი საუბრობდა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და კონკრეტულ ციფრს ასახელებდნენ. ჩემთვის მიუღებელია ასეთი პროგნოზები, რომელიც არაფერზეა დამყარებული. მერე არავინ იხდის ბოდიშს იმისთვის, რომ
შეცდა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დადებითი მოლოდინები არ მაქვს“.