ბათუმის სანაპიროზე მდებარე "ალი და ნინოს" დემონტაჟი დასრულდა. ძეგლის ადგილმონაცვლეობის პროცესი გვიან საღამოს დაიწყო და თითქმის 5 საათი გაგრძელდა.
ალის მონუმენტს სპეციალური რკინის კონსტრუქცია მოარგეს და ისე მოხსნეს ცენტრალური მექანიზმიდან.
რაც შეეხება გუშინ დაზიანებულ ნინოს მონუმენტს, ჯერ დაზიანებულ ფრაგმენტებს აღადგენენ, ხოლო შემდეგ იგივე მეთოდით გადაიტანენ ახალ პლატფორმაზე.
ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ თემებს, დაზიანებული სკულპტურის საკითხს თავისებურად გამოეხმაურა ცნობილი ფოტოშარჟების ავტორი ნუგზარ მეტრეველი, რომელმაც "ფეისბუქზე" "ალი და ნინოს" ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა. ფოტოშარჟი რამდენიმე საათში 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და გაიზიარა.
შეგახსენებთ, რომ "ალი და ნინოს" სკუპლტურა გუშინ დაზიანდა, როდესაც ნინოს დემონტაჟს ცდილობდნენ. ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კომპანია "არნაბი 21"-ს ეკისრება.
თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.