ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. მომხდართა დაკავშირებით AMBEBI.GE-ს თვითმხილველი ესაუბრა.
"ქანდაკება დაზიანებული იყო და მის შეკეთებას და სკულპტურის 20 მეტრით უკან გადატანას აპირებდნენ, რადგან ზღვის მოქცევის დროს "ალის და ნინოს" ზიანი ადგებოდა. მუშები მოვიდნენ პატარა ამწეთი, თოკები ჩააბეს, უნდა აეწიათ და გადაეტანათ, მაგრამ თოკები ჩააბეს ცალ მხარეს, რის გამოც ქანდაკების წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და "ნინოს" ქანდაკება ბეტონს დაეცა. დაცემა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქანდაკებასთან ერთად ბეტონის ნაწილიც ჩაიმსხვრა.
იქვე იჯდა ხალხიც, წამებში გაასწრეს, თორემ მათაც დაეცემოდათ, წამებში გადაურჩნენ სიკვდილს. ხალხმა მუშებს და "ოცნებას" დაუწყო ლანძღვა, მაგრამ მუშებმა განაცხადეს, რომ საგანგაშო არაფერია, და რომ 10 დღეში აღადგენენ სკულპტურას", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას თვითმხილველი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქალაქის მერიიდან არავინ გამოჩენილა. ახლახან გამოჩნდა საპატრულო ეკიპაჟი.
შეგახსენებთ, რომ თამარ კვესიტაძის ნამუშევარი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქანდაკების გადაადგილებისთვის მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია აწარმოებდა.
ჩვენ განვაგრძობთ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.