წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები დღეს ბრიფინგზე შეაჯამა. მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოო ჯამში, გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 39 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი. აღნიშნული კონტინგენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია ასევე იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი არის 3742 სტუდენტი. სულ საბოლოო ჯამში, წელს სახელმწიფო ფინანსებით 10 ათასამდე აბიტურიენტი ისწავლის.
მაია მიმინოშვილმა ასევე დაასახელა ვაკანტური ადგილების რაოდენობა. მისივე თქმით, წელს 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, იმაზე მეტი, ვიდრე აბიტურიენტთა რიცხვი. შესაბამისად, ვაკანტური დარჩა 18 ათასი ადგილი. მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ადგილები შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მაღალი ბარიერი აქვს გამოცდებზე დაწესებული, ვიდრე გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია.
მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3881 ადგილი იყო, მათგან ვაკანტური დარჩა 225. აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და მათგან არც ერთი ვაკანტური აღარ დარჩა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან ვაკანტური დარჩა 208 ადგილი. თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური.
მიმინოშვილმა დასძინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი წელს ბევრი გახდა, თუმცა მათ ბევრი ადგილიც აქვთ ვაკანტური. სულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ვაკანტური ადგილები დაახლოებით 64 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი. ამასთან, სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე დასრულდა და სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. მთავრდება ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება.