დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ინდოეთის მხარე ქეთევან დედოფლის ნაწილებს საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს, თუმცა არასწორია ინფორმაცია წმინდა ნაწილების მუხრანში დაბრძანებაზე. როგორც "ინტერპრესნიუსს" ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ განუცხადა, მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილების დაბრძანებაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია.
დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორს ალექსანდრე ბიჭიაშვილს ესაუბრა და მისგან სურდა გაეგო საიდან და როგორ უნდა მოხვედრილიყო მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილები, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
"ალექსანდრე ბიჭიაშვილმა ჩემი სიტყვები მიიწერა. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ დააყენეს თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ზოსიმე. ადამიანს რომ ჰკითხო, საიდან და როგორ უნდა მოხვედრილიყო მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილები, ამაზე პასუხი, მე მგონი, არავის არ ჰქონდა. ამაზე, როგორც ჩანს, ამ ხალხს არ უფიქრია. ეს არის მეუფის შეურაცხყოფა და პირველ რიგში, ქეთევან დედოფლის უპატივცემულობა. იმიტომ, რომ ჩვენ დაგვიკავშირდა ინდოეთის კონსული, რომელიც ეს ინფორმაცია გაიგო და გვკითხა, რაში იყო საქმე. შეთანხმების მიხედვით ყოველი პუნქტი გაწერილია. სხვანაირი მსვლელობა აქვს მიცემული. ფაქტიურად მან ეს შეაფასა, როგორც ამ საქმის ხელშემშლელი უდიდესი ფაქტორი. როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯებს დგამს ეს არის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეგნებული ან შეუგნებელი ბრძოლა", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე შეფასებით, ეს უცოდინარობა იყო ან სრული უვიცობა. დეკანოზი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ინდოეთის მხარესთან მიმდინარეობს, საიდანაც ერთი თვის წინ დაბრუნდა.
"შეხვედრა გვქონდა ინდოეთის კულტურის სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ ნაწილებს გადმოგვცემენ. თუმცა, გარკვეული შეთანხმებებია მისაღწევი. სავარაუდოდ, წმინდა ნაწილებს სექტემბრისთვის ჩამოაბრძანებენ. ეს მათი კეთილი ნებაა. ამაში თანხის გადახდა საჭირო არ არის. უსასყიდლოდ გადმოგვცემენ", - დასძინა დეკანოზმა.
22 აგვისტოს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორმა და მშენებლობის თანამონაწილემ ალექსანდრე ბიჭიაშვილმა განაცხადა, რომ ინდოეთიდან საქართველოში უახლოეს პერიოდში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს გადმოასვენებენ. ინდოეთის მხარე ამისთვის თანხას აღარ ითხოვდა.
მისივე თქმით, მუხრანში შენდება ტაძარი, რომლის სარდაფში საძვალე მოეწყობა.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს, მაგრამ მის წმინდა ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა წმიდა დედოფლის ნაწილები საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და დიდი პატივით ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს.
შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, ინდოეთის არქეოლოგიური ჯგუფი წმინდა ნაწილების გადმოსაცემად დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა. ინდოეთის მხარემ უცხოეთში წმინდა ნაწილებს დნმ-ს ანალიზი რამდენჯერმე ჩაუტარა. დასტურდება, რომ იგი წმინდა დედოფალს ეკუთვნის.