ელენე კალანდაძეს თავის პირველ შვილზე ვესაუბრეთ. ლილი 9 თვისაა და მომღერალი იმდენად შეცვალა დედობამ, რომ ბედნიერება სახეზე აწერია.
- როგორც კი ბავშვი გულზე დამაწვინეს, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირი გახდა და სულ სხვა ამპლუაში აღმოვჩნდი. უცებ შევიცვალე, რა მხრივ, ვერ გეტყვი, უბრალოდ, დედა ელენე გავხდი. ლილი ახლა 9 თვისაა და ჯერ ვერ ვიტყვი, რამდენად მკაცრი ან მეგობრული ვიქნები. ზუსტად ისე ვზრდი შვილს, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.
- იზიარებ უფროსი თაობის მოსაზრებებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით?
- მართალია, ბავშვებს ადრე სხვანაირად ზრდიდნენ, მაგრამ მთავარი პრინციპი და არსი იგივე რჩება. ლილის დაბადების დღიდან ვცდილობდით, ზედმეტად ხელში არ აგვეყვანა, უმნიშვნელო დეტალებიც კი საინტერესოა. თავიდანვე როგორც მიუდგები ბავშვს, ისე მოგიდგება თვითონაც.