ირმა ნიორაძის სახელი და გვარი არა მხოლოდ საქართველოში იციან. მისი სცენაზე ნახვა ერთი სიამოვნებაა. თავად ამბობს, რომ წარმატებას შრომა ქმნის, თუმცა, ამასთან ერთად, ბალეტის ღმერთებმა ნიჭიც უხვად მისცეს და იღბალიც, ვინაიდან მის პედაგოგებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანი, სერაფიმა ვეკუა, ლუდმილა საფრონოვა, ნინელი კურგეპკინა იყვნენ.
საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მაინც გვიჩნდება მასთან შეკითხვა, რომ არა ბალერინა, ვინ იქნებოდა "სხვა ცხოვრებაში"? "არ ვიცი", გვეუბნება ღიმილით, - "ვიოლინოზე დავდიოდი. ეს ინსტრუმენტი ძალიან მიყვარდა. ახლაც მაქვს ძვირფასი ვიოლინო და ხანდახან ვიხსენებ, ბავშვობაში როგორ ვუკრავდი".
ირმა ნიორაძე 1992 წლიდან სანქტ-პეტერბურგის პრიმაბალერინაა. კარიერაში საკმაოდ რთული გზა აირჩია. ლიდერის ხასიათი ჰქონდა და უყვარდა ცეკვის საკუთარ თავზე მორგება. "დედა კალმახს მეძახის. კალმახი ხომ დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. დღემდე ასეა".
პროფესიული საიდუმლო ლეგენდისგან
"ბატონ გოგი ალექსიძეს სულიერ მამად მოვიხსენიებ. როგორც ხელოვანი ძერწავს ქმნილებას, ისე "გამომძერწა". პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა.
ვახტანგ ჭაბუკიანმა ძალიან ბევრი საიდუმლოება შემასწავლა. ამიხსნა, როგორი უნდა ყოფილიყო გედის ხელები... ყველაფერს, რაც მითხრა, დიდი ყურადღებით მოვუსმინე. მისი ლექციების მერე ან შედგებოდი, როგორც ხელოვანი, ან დაიკარგებოდი. ზომიერად მკაცრი, ზომიერად მომთხოვნი გახლდათ. ბედის საჩუქარია, რომ ამ უნიჭიერეს ადამიანთან ოთხი წელი ვმეცადინეობდი" .
ყველა ხელოვანს საკუთარ პროფესიაში მწვერვალების დასაპყრობად თავგანწირვა სჭირდება. ბალერინებისთვის ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ქალბატონი ირმა ამბობს, რომ არ შიმშილობენ, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვები აქვთ.
"ბალეტის მოცეკვავე ყოველთვის ათასი ვოლტით უნდა იყოს დამუხტული. არ მიყვარს პური, რადგან მისი ჭამის შემდეგ წამოწოლა და დასვენება გინდება. სპექტაკლის წინ ზედმეტი სითხის მიღება არ შეიძლება, პარტნიორსაც შეაწუხებ და საკუთარ თავსაც. ყოველთვის მეგონა, რომ ხორცი მავნებელი იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა და ამ ბოლო დროს ნელ-ნელა დავიწყე ჭამა, თუმცა მხოლოდ ხბოს ხორცს გეახლებით.