გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა, შენგენის ზონაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებაზე თანხმობა გააუქმოს მიგრანტების დიდი ოდენობის გამო.
გერმანიამ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შენგენის ზონა, რომელიც ადამიანებს ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, ”ვერ იარსებებს”, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები დევნილებს თავისთან არ მიიღებენ.
”მე თავისუფალი გადაადგილების მომხრე ვარ, მაგრამ თუ სხვა ევროპული სახელმწიფოები კანონს არ ითვალისწინებენ, ხოლო დუბლინის სისტემა აღარ მუშაობს, მაშინ ჩვენ სხვა სისტემა გვჭირდება, რომელიც იმუშავებს. შეუზღუდავი გადაადგილება ვერ იარსებებს ხანგრძლივ პერსპექტივაში ევროპის ქვეყნების მხრიდან დევნილებისთვის თავშესაფრის შეთავაზების რეალური პოლიტიკის გარეშე”, - განაცხადა ტომას დე მეზერმა.
დე მეზერმა ბრიტანეთს მეტი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა. ”რასაკვირველია, ბრიტანეთს განსაკუთრებული როლი აქვს, ის ხომ შენგენის შეთანხმებაში არ მონაწილეობს. თუმცა ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვალდებულია, მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარი მოვალეობების შესრულებას,” - თქვა მინისტრმა.
წელს გერმანიაში დაახლოებით 800 000 მოთხოვნაა შესული თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების შემთხვევაში. ევროკავშირის ჩინოვნიკები შექმნილ სიტუაციას სავალალო კრიზისად მიიჩნევენ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.