"ბავშვებს ეუბნებოდა მოგკლავთ, მეზიზღებითო, გაგუდვით აშინებდა" - ქუთაისელ ძიძას სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ

"ბავშვებს ეუბნებოდა მოგკლავთ, მეზიზღებითო, გაგუდვით აშინებდა" - ქუთაისელ ძიძას სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ

შვილისთვის ძიძა დიდი სიფრთხილით არის შესარჩევი. მშობლების ნაწილი ძიძას საერთო მეგობრების დახმარებით, ზოგი კი სპეციალური სააგენტოების მეშვეობით პოულობს. ქეთევან ხიშტოვანმა სააგენტოს მეშვეობით შეარჩია ძიძა, რომელიც ორი 3 წლის ტყუპი გოგონასთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ორ თვეში დარწმუნდა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მშობლის თქმით, ქუთაისელი აღმზრდელი პატარა გოგონებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ბავშვები მუდმივი სტრესის ქვეშ იყვნენ.

- ეს ქალბატონი სააგენტოს მეშვეობით ვიპოვე, საერთო ახლობლებიც აღმოგვაჩნდა და ამიტომაც დავთანხმდი მასთან მუშაობას. თუმცა თავდაპირველად უარი თქვა, სააგენტოსთანაც გააუქმა ურთიერთობა, უთხრა, ქუთაისში ვბრუნდები ოჯახშიო. ამის შემდეგ ზუსტად სამ დღეში დამირეკა და მითხრა, თანახმა ვარ თქვენთან ვიმუშავოო. მომაწონა თავი, მითხრა 32 ბავშვს ვზრდიდი ბაღში, თქვენი შვილებიც ძალიან შემიყვარდაო და ვიფიქრე სწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ შევცდი. დღეში ათ ძიძას ვხვდებოდი, მხოლოდ ამ ქალზე შევარჩიე არჩევანი. ჩემებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვები ხშირად ტიროდნენ უმიზეზოდ, შეშინებულები იყვნენ. ბაკურიანში მყავდა გაშვებული დასასვენებლად, იქ იმყოფებოდა ჩემი დაც. სწორედ მან გადაწყვიტა ჩამწერი დაეტოვებინა ოთახში და აქედან დავრწმუნდით, რომ ჩემს ტყუპებს ძიძა საშინლად ექცეოდა. ბავშვებს ეუბნებოდა, მოგკლავთ, მეზიზღებითო, აშინებდა გაგუდვით და ა.შ. ვერ გავიმეორებ ბავშვებს რასაც ეუბნებოდა. პატარები კი ტიროდნენ.

- როდის შეამჩნიეთ, რომ ტყუპებს ცუდად ექცეოდა?

- ზუსტად როდის დაიწყო არ ვიცი, მოგვიანებით გაგვიჩნდა რაღაც ეჭვები, არ აჭმევდა ბავშვებს, არ აბანავებდა, უმიზეზოდ ტიროდნენ, ამბობდა, გიჟები არიანო. როცა დააძინებდა, ბავშვები უცებ იძინებდნენ და დიდხანს ეძინათ. ფსიქიურად არ არის ნორმალური. გუშინ გამოვიძახეთ საპატრულო, ჩაკეტილი ჰყავდათ ოთახში, გამოიძიეს მის შესახებ ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ფსიქიურად ნორმალური არ არის. სანამ პოლიციას გამოიძახებდა ჩემი და, უთხრა, ჩაალაგე, კუთვნილ თანხას მოგცემთ და წადიო, მაგრამ ისტერიკა მოაწყო, მისი ქმრით და შვილით გვემუქრებოდა. სამართალდამცავებმა ხელწერილი დააწერინეს და მისი ოჯახის წევრებს გაატანეს. არ ვაპირებ ამ საქმის ასე დატოვებას, პროკურატურას უნდა მივმართო. ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდება.

AMBEBI.GE შეეცადა ძიძასთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონიც გამორთო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია