ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მკვიდრის, 56 წლის გია რაზმაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს წუხანდელი სტიქიის შედეგად ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გია რაზმაძემ განუცხადა, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებიდან კი სოფელში ჯერ არავინ მისულა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
რაზმაძის თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მრავალწლიანი ხეხილის ხეები და ვაზი გაანადგურა. ასევე, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სახლებს სახურავები ახადა, შუშები ჩაამსხვრია.
"ასეთი სეტყვა ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. თვალით აუწერელი უბედურება იყო. კაკლისოდენა სეტყვამ შუშები ჩაამსხვრია. ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ხალხი ჯერ კიდევ შოკირებულია. თუ რამე ხეხილი იყო მიწასთან არის გასწორებული. სეტყვა 21:00 საათის შემდეგ დაიწყო და 10-15 წუთი გრძელდებოდა. თან ქრიშხალი ერთვოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ალბათ ხალხი გავა რაიონში და მიაკითხავს ხელისუფლებას. სტიქიამ ზოგიერთ სახლს სახურავი გადახადა", - აღნიშნა რაზმაძემ.
მისივე თქით, წელს მისი ერთ ჰექტრამდე ვენახი სამჯერ დაისეტყვა, სადაზღვევო კომპანია "ირაომ" მისი ვენახი 30%-ით შეაფასა. წუხანდელი სეტყვის ზარალზე კი რაზმაძეს სადაზღვევო კომპანიაში განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. იგი აპირებს სადაზღვევო კომპანიას კვლავ მიმართოს.
სტიქია კახეთში: განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები, მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაიგზავნა