რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირ პუტინის და ბარაკ ობამას შეხვედრის პირობები დაასახელა. მისი თქმით, ორი სახელმწიფოს პრეზიდენტებს შორის დიალოგი შედგება, თუ ამერიკის მხრიდან დადებით სიგნალს მიიღებენ.
"ამერიკელი კოლეგები გვიგზავნიან სიგნალებს, რომ სურთ გააგრძელონ ჩვენთან კონტაქტი. თუ ასეთი წინადადება იქნება მათი მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი ამას კონსტრუქციულად განიხილავს", - განაცხადა ლავროვმა.
ობამას და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ნიუ-იორკში გაიმართოს გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომის ფარგლებში. წელს საერთაშორისო ორგანიზაცია 70 წლის იუბილეს აღნიშნავს და რუსეთის ლიდერი იქ სიტყვით გამოსვლას გეგმავს. სესია 15-დან 33 სექტემბრამდე გაგრძელდება.
"პრეზიდენტი გეგმავს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას. ეს ორგანიზაციისათვის დიდი მოვლენაა. ველოდებით სახელმწიფო მმართველების რეკორდულ რაოდენობას. ჩვენი პრეზიდენტიც გეგმავს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, ბოლოს ობამა და პუტინი ერთმანეთს 2014 წლის ნოემბერში შეხვდნენ. მაშინ სახელმწიფოს მმართველებმა მოკლედ ისაუბრეს . 2015 წლის მაისში ბარაკ ობამა ოფიციალურად იყო მიწვეული მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულზე, მაგრამ ვიზიტი არ შედგა.